“K2-მა თბილისს თავისი ურბანული ფუნქცია და ფორმა დაუკარგა და, ამიტომ, ამ მავნებლური ინსტრუმენტის პრაქტიკიდან განდევნას მივესალმებით”
“თბილისი, წლების მანძილზე, შორდებოდა განვითარების სივრცით-არქიტექტურულ, გეგმარებით, ვიზუალურ და, ზოგადად, სისტემურობის თვალსაზრისით განსაზღვრულ პოლიტიკას და ამაში თავისი დიდი როლი ისეთმა მავნებლურმა ინსტრუმენტმა ითამაშა, როგორიც იყო K2”. ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განაცხადა.
მისი თქმით, ქალაქის ურბანული განვითარების ერთგვარი კრიზისი სწორედ ასეთმა ზედაპირულმა მიდგომებმა გამოიწვია.
„K2-მა თბილისს თავისი ურბანული ფუნქცია და ფორმა დაუკარგა და, ამიტომ, ამ მავნებლური ინსტრუმენტის პრაქტიკიდან განდევნას მივესალმებით. ცხადია, მხოლოდ გაუქმებით ამოცანა ვერ მიიღწევა. ჩვენ ვიცით, რომ დედაქალაქის მუნციპალიტეტი სამუშაოს ახალი გენგეგმის პირობებში გააგრძელებს, რომ მივიღოთ პროგნოზირებადი ურბანული პოლიტიკა, რომელიც ქალაქის ფორმებისა და მისი ჰარმონიული განვითარების ამოცანების შესაბამისი იქნება. ამასთან, შესაძლოა, საჭირო გახდეს გარკვეული საკანონმდებლო სამუშაოც, რისთვისაც პარლამენტი მზად არის“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.