ლონდა თოლორაია: ჩვენი დეპარტამენტი მუშაობას რამდენიმე მიმართულებით გაახორციელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა – ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია, დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
როგორც დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, დეპარტამენტი მუშაობას რამდენიმე მიმართულებით გაახორციელებს.
“ეს დეპარტამენტი იმუშავებს არამხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობის, არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულებისა და ტრეფიკინგის კუთხით, არამედ – სხვა მიმართულებებითაც; კერძოდ – სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ დანაშაულებებზეც გაახორციელებს მონიტორინგს. დეპარტამენტი, ასევე, მონიტორგინს სისხლის სამართლის სხვა საქმეებზე ჩაატარებს, რომლებიც საჭიროდ მიიჩნევა არსებული კრიმინოგენული ვითარებიდან, არსებული სისხლის სამართლის პოლიტიკიდან, საჯარო ინტერესებიდან და მოქალაქეთა ინტერესიდან გამომდინარე”, – აცხადებს ლონდა თოლორაია.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ დეპარტამენტის გაფართოება და სისტემის შიდა მონიტორინგის მექანიზმად ჩამოყალიბება დეპარტამენტის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ეფექტურობამ და გამოძიების ხარისხის ზრდის მხრივ მიღწეულმა შედეგებმა განაპირობა. ,,ვფიქრობთ, რომ სისტემის შიგნით მონიტორინგი შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც, პრინციპში, პირველი შემთხვევაა – ძალიან მნიშვნელოვანია. საჭიროა, რომ უფრო მაღალი ხარისხის გამოძიება შევთავაზოთ მოქალაქეებს, რომლებიც ჩვენთან მოვლენ“, – განაცხადა თოლორაიამ.