ნინო გოგუაძე: ქალაქის ბევრი უბანი დააზიანა ქაოტურმა მშენებლობამ და, განსაკუთრებულად, საბურთალო

 

„K2 კოეფიციენტის გაყიდვის გაუქმება ქაოტურ და მავნე პროცესს დაასრულებს“, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ და საბურთალოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ნინო გოგუაძემ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული რეგულაცია ქალაქის განაშენიანებას სწორ კალაპოტს მისცემს.
„ნამდვილად მისასალმებელია თბილისის საკრებულოსა და მერიის გადაწყვეტილება. დიდი ხანია, ამას თბილისის მოსახლეობა ელოდება. ქალაქის ბევრი უბანი დააზიანა ქაოტურმა მშენებლობამ და, განსაკუთრებულად, საბურთალო. მაცხოვრებლები წლებია, წუხილს გამოთქვამენ იმ საკითხზე, რომ ეზოში, მიწის პატარა მონაკვეთზე, ოთხსართულიანი პროექტით იწყებოდა მშენებლობა და, ბოლოს, 10 სართულით სრულდებოდა. K2 კოეფიციენტის გაყიდვის გაუქმება ამ ქაოტურ და მავნე პროცესს დაასრულებს. ეს ნიშნავს, რომ აიკრძალება, თავზე დაგვადგან მრავალსართულიანი კორპუსები იქ, სადაც არც სივრცეა, არც ეზოს მოწყობის შესაძლებლობა და, საერთოდ, კანონით არის შეზღუდული მასშტაბური საცხოვრებელი სახლების მშენებლობა. ვფიქრობ, ეს ქალაქის განაშენიანებას სწორ კალაპოტს მისცემს”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.

შეგახსენებთ, რომ, თბილისის მერიისა და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებით, მშენებლობის კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები