“მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები”
პოლიტიკური მოძრაობა „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეხმაურება. როგორც დღევანდელ ბრიფინგზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, „თი-ბი-სი“ ბანკის გარშემო განვითარებული საკითხები სწორედ რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ამასთან, დავით უსუფაშვილი ყველა დაინტერესებულ მხარეს მიმართავს, რომ „თი-ბი-სი“ ბანკის გარშემო საკითხის ყველა დეტალი გაირკვეს.
„თი-ბი-სი“ ბანკის გარშემო განვითარებული საკითხები სწორედ რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და, ამიტომ, მივმართავ ყველას, აუცილებლად ბოლომდე გავარკვიოთ ყველა დეტალი – მაგრამ არ დავუშვათ ბანკისა და ფინანსური სისტემის დამაზიანებელი პანიკური მოვლენები. ჩემს პოლიტიკურ და სამოქალაქო ვალდებულებად მივიჩნევ, ღიად და მკაფიოდ განვაცხადო – მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები. რაც შეეხება ამ მოტივაციით 11 წლის წინანდელი გადაწყვეტილებების ხელახალ შესწავლა-გამოძიებას – ამ გადაწყვეტილებების კანონთან და საბანკო პრაქტიკასთან შესაბამისობის შეფასებას ველი სათანადო ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან, მაგალითად – ბატონი ნოდარ ჯავახიშვილისგან. გარდა ამისა, აუცილებლად მივიჩნევ ეროვნული ბანკის მიერ ამ საკითხის წინა შესწავლის მასალებისა და დასკვნების გამოქვეყნებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ, გუშინ, ეროვნულმა ბანკმა, საფინანსო სექტორის ზედამხედველობის კომიტეტის სხდომაზე, “თი-ბი-სი” ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისთვის და მისი მოადგილის, ბადრი ჯაფარიძისთვის, ხელმოწერის უფლების შეჩერების თაობაზე, გადაწყვეტილება მიიღო.