რადგან ეროვნულმა ბანკმა, „თი-ბი-სი“ ბანკთან დაკავშირებით, ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, ობიექტური საფუძვლები აქვს”

 

“რადგან ეროვნულმა ბანკმა ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, ცხადია ამას თავისი ობიექტური საფუძვლები აქვს”, – ასე აფასებს “ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ” პრეზიდენტი, შოთა გულბანი, “თი-ბი-სი” ბანკის ირგვლივ შექმნილ სიტუაციას, რომელიც ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის მიმართ ეროვნული ბანკის მიერ ხელმოწერის უფლების შეჩერებასა და ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევის მოთხოვნის საკითხს უკავშირდება.
შესაბამისი შეფასება შოთა გულბანმა “კვირასთან” საუბრისას გააკეთა. “რადგან მარეგულირებელმა – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო, ცხადია, ამას თავისი ობიექტური საფუძვლები აქვს. მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, რომ ფინანსურ სტაბილურობას მიაღწიოს ქვეყანაში. ფინანსური სტაბილურობა ვერ მიიღწევა, თუ ბანკს, მის მუშაობას, რაიმე საფრთხე შეექმნება. შესაბამისად, ამას კარგად აცნობიერებენ ეროვნულ ბანკში და მე, პირადად, მგონია – არანაირად დაუშვებენ იმ გარემოებას, რომ, მაგალითად, ანაბრებს, ბანკის სტაბილურობას, კაპიტალიზაციას შეექმნას რაიმე საფრთხე. თუმცა, თუ მოხდება პროცესის პოლიტიზირება (რაც მე არ მგონია), შეიძლება, ამან მეანაბრეების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონიოს. ხშირ შემთხვევაში, მეტწილად, კომერციული ბანკები დამოკიდებულები არიან მეანაბრეების მიერ გახორციელებულ შენატანებზე, გარდა იმ ფინანსებისა, რასაც ისინი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციიდან მოიძიებენ”, – განაცხადა შოთა გულბანმა. რაც შეეხება იმას, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე, გუშინ, “თი-ბი-სი” ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულება 13,66 გირვანქა სტერლინგს შეადგენდა, რაც, ვაჭრობის დასაწყისში არსებულთან შედარებით, 5.27%-ით ნაკლებია – შოთა გულბანი აღნიშნავს, რომ ეს, შესაძლოა, უბრალო დამთხვევაც იყოს.
“გუშინ ვნახეთ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე “თი-ბი-სი” ბანკის აქციები დაეცა; თუმცა, დღეს, მცირედით გაუმჯობესება კვლავ დაფიქსირდა. პროცესია… ლონდონის საფონდო ბირჟაზე აქციების მერყეობა შეიძლება, უბრალო დამთხვევაც კი იყოს, არაფერია გამორიცხული”, -აღნიშნა შოთა გულბანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები