“ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მუშაობამ, გარკვეულ მიმართულებებზე, გამოძიების ხარისხი გაზარდა”
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა და დეპარტამენტის მონიტორინგი უფრო მეტი ტიპის საქმეთა გამოძიებას შეეხება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის პრეზენტაცია, დღეს, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართა.
სამინისტროს განცხადებით, ცვლილება ერთი წლის განმავლობაში დეპარტამენტის ეფექტური მუშაობისა და გამოძიების ხარისხის ზრდაზე არსებითი ზეგავლენის გათვალისწინებით ხორციელდება.
“ჩვენ, 2018 წლის დასაწყისში, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შევქმენით, რომელსაც მუშაობა გამოძიების ხარისხის მონიტორინგის ხუთი ძირითადი მიმართულებით დაევალა. ამ დეპარტამენტმა წარმატებით გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. ამ ძირითადი ხუთი მიმართულებით (როგორიცა არის ოჯახში ძალადობა, ქალთა მიმართ ძალადობა, დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილი დანაშაული და სხვა), მნიშვნელოვნად გაიზარდა გამოძიების ხარისხი და პოლიციის მიმართ ნდობა. ამის დასტურია სტატისტიკური მაჩვენებლები. ამიტომმ გადავწყვიტეთ, რომ დეპარტამენტის მანდატი გავაფართოოთ და გავავრცელოთ ის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ სხვა გავრცელებულ დანაშაულებზეც“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ კრიმინალური პოლიციის რეფორმა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება, ამჟამად, სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და გამოძიების ხარისხის ცენტრალიზებულ დონეზე მონიტორინგი უაღრესად მნიშვნელოვანია.
მეზვრიშვილმა დაანონსა, რომ, 2019 წლისთვის, სამინისტრო მნიშვნელოვან ძალისხმევას მიმართავს დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლასა და არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიან გამოძიებაზე.