ნათია მეზვრიშვილი: კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების ციხეში გაშვება ძალიან მარტივია, მაგრამ ამის გაკეთება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა 2018 წლის რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკაზე საუბრისას არასრულწლოვნების მიერ ჩადენილ დანაშაულებს გაუსვა ხაზი.
,,ძალიან მნიშვნელოვანია არასრულწლოვნების თემა და ქურდობების გაზრდილი მაჩვენებელი. რეალურად ქურდობა ისეთი კატეგორიის დანაშაულია, რომლის აღრიცხვიანობაც 2018 წელს გავაუმჯობესეთ, მაგრამ ნუ ხდება ეს ყოველდღიურად, ადამიანები ამას გრძნობენ, მოვიტყუებით, ამაზე რომ არ ვისაუბროთ. ამასაც ხომ თავისი მიზეზები აქვს, მათ შორის, სოციალური ფონი. პრევენციაზე ვმუშაობთ. კამერების რაოდენობა მთელი საქართველოს მასშტაბით გავზარდეთ, 2019-ში 2018 წელთან შედარებით ფაქტობრივად გაორმაგება იგეგმება.”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
როგორც მედიაჰოლდინგ ,,კვირას“ უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქურდობების მნიშვნელოვანი ნაწილი არასრულწლოვნების მიერ არის ჩადენილი.
,,ესენი 14 დან 18 წლამდე და 14 წლამდე ასაკის პირები არიან. მე ძალიან ხშირად მესმის მოთხოვნა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით კანონი გავამკაცროთ. მინდა ცალსახად ვთქვა, ამ მიმართულებით კანონის გამკაცრება, არასრულწლოვნების გაშვება ციხეში ძალიან მარტივია. ამის გაკეთება 1 დღეში შეიძლება. მაგრამ ჩვენ თუ ამას გავაკეთებთ, ეს უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება. მე არ მგონია, რომ საზოგადოებას სურდეს, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებისთვის, ქურდობებისთვის – და ესეთი დანაშაულები ჭარბობს, არასრულწლოვნების ციხეში გამოკეტვა. აქ ჩვენ სხვა პრობლემებთან გვაქვს საქმე, ეს კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს, განათლების, სოციალური მიმართულებით მუშაობას, ანუ ყველა უწყების, მთავრობის კოორდინირებულ მუშაობას და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული მიმართულებებით ნაბიჯები გადაიდგას. კანონი უნდა შეიცვალოს და მხოლოდ იმ შემთხვევაში გამკაცრდეს, თუ ყველა სხვა რესურსი ამ მიმართულებით ამოიწურება. სხვანაირად ჩვენ უბრალოდ ნაბიჯს უკან გადავდგამთ.”- განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.