დავით მათიკაშვილი: შსს მუდმივ რეჟიმში იბრძვის დანაშაულის წინააღმდეგ

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი დავით მათიკაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს 2018 წლის საქმიანობას აფასებს და მადლობას უხდის ყველა პოლიციელს.
მისი თქმით, 2018 წელს შსს-ში განხორციელდა და პრაქტიკაში დაინერგა გიორგი გახარიას არაერთი რეფორმატორული ინიციატივა.
„თამამად შეიძლება ითქვას, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ეფექტურ, შედეგზე ორიენტირებულ, კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებულ ძალოვან სტრუქტურას, რომელიც მუდმივ რეჟიმში იბრძვის დანაშაულის წინააღმდეგ და ახდენს დანაშაულის რეციდივის პრევენციას. 2018 წელს შსს-ში განხორციელდა და პრაქტიკაში დაინერგა მინისტრ გახარიას არაერთი რეფორმატორული ინიციატივა (ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, მართლწესრიგის ოფიცერი და ა.შ.), რომელთა ეფექტი ყოველდღიურად ხელშესახებია ჩვენი თითოეული თანამოქალაქისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სამინისტრო, საკანონმდებლო დონეზე, მუდმივად ცდილობს, მოამარაგოს საქართველოს პარლამენტი აუცილებელი და არსებულ პრაქტიკასთან ადეკვატური საკანონმდებლო ინიციატივები, გავიხსენებ თუნდაც ქურდული სამყაროს წინააღმდეგ მიმართულ ეფექტურ ნაბიჯებს, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც სათანადო ცვლილებებით აღიჭურვა საქართველოს სისხლის სამართლის მატერიალური და საპროცესო კანონმდებლობა. თუ დავუკვირდებით დანაშაულის ჩადენისა და გახსნის სტატისტიკას, რომელსაც შსს ყოველთვიურად აქვეყნებს, ვნახავთ, რომ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა რაოდენობა იკლებს, ხოლო შედარებით მსუბუქ დანაშაულთა რიცხვი (ოჯახური დანაშაულები, სხეულის მსუბუქი დაზიანება, ქურდობა და ა.შ.) შედარებით მეტია. ამას ობიექტური მიზეზი აქვს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს, ერთი მხრივ, ზუსტი, შედეგზე ორიენტირებული სისხლის სამართლებრივი პოლიტიკით არის განპირობებული და მეორე მხრივ, კონკრეტულ, მანამდე არადასჯად ქმედებათა კრიმინალიზაციითაა ნაკარნახევი. მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ გიორგი გახარიას და სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, ყველა პოლიციელს, რომელთა დაუზოგავი შრომის შედეგია ეფექტური, დამნაშავის დასჯასა და ადამიანის ღირსების დაცვაზე ორიენტირებული სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის დაგეგმვა და რეალურ ცხოვრებაში განხორციელება“, – აცხადებს დავით მათიკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები