ირაკლი კობახიძე: ჩვენ გადავდივართ რეალურ საპენსიო მოდელზე და რეალურ საპენსიო სისტემაზე
„დღეს რეალურად არ არის პენსია ამ სიტყვის კლასიკური გაგებით და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავსულიყავით რეალურ საპენსიო მოდელზე და ზუსტად ამას უზრუნველყოფს ის საპენსიო რეფორმა რომელიც განხორციელდა“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ მოქალაქეებს საკუთარი ჯიბიდან 2 პროცენტის გადახდა მოუწევთ, საბოლოო შედეგი მნიშვნელოვანი იქნება.
“რაც შეეხება დაგროვებით პენსიას, რა თქმა უნდა, ეს აისახება მოქალაქეებზე, რადგან დამატებით ორი პროცენტის გადახდა მოუწევთ, საკუთარი ჯიბიდან, თუმცა საბოლოოდ, ამ რეფორმის შედეგი არის უმნიშვნელოვანესი. დღეისათვის ჩვენ არ გვაქვს საპენსიო სისტემა. ის, რაც არის, რასაც ჰქვია პენსია, დღეს რეალურად არ არის პენსია, ამ სიტყვის კლასიკური გაგებით და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადავსულიყავით რეალურ საპენსიო მოდელზე და ზუსტად ამას უზრუნველყოფს ის საპენსიო რეფორმა, რომელიც განხორციელდა. ამის აუცილებელი ელემენტი არის, რა თქმა უნდა, ის შენატანი, რომელიც უნდა განახორციელონ ჩვენმა მოქალაქეებმა. რა თქმა უნდა, ამას ექნება, ასე ვთქვათ, ეფექტი მოქალაქეების ჯიბეზე, თუმცა საბოლოო ეფექტი, რომელიც დადგება ამ რეფორმის განხორციელების შედეგად, არის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ის ორპროცენტიანი შენატანი, რომელიც უნდა განახორციელონ ჩვენმა მოქალაქეებმა და რომელიც უნდა განხორციელდეს თითოეული ჩვენგანის მხრიდან. ანუ ჩვენ გადავდივართ რეალურ საპენსიო მოდელზე და რეალურ საპენსიო სისტემაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.