“ქურდობის ძირითად შემთხვევებში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ეს საკითხი კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს”
„აღრიცხვიანობის გაუმჯობესების შედეგად რიგ დანაშაულებში რიცხვობრივი ზრდა დაფიქსირდა და ამის მაგალითი საკუთრების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული – ქურდობაა“, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 2018 წელს, ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების რაოდენობა გასამმაგდა და იგივე ტენდენცია 2019-შიც გაგრძელდება.
„დანაშაულის მცირედ ნიშანს მაინც თუ შეიცავს შეტყობინება, ან ზოგჯერ, საერთოდ არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს – მაგალითად, მოქალაქე მოდის და აცხადებს რომ ტელეფონი კი არ მოპარეს არამედ დაკარგა, მაგრამ პოლიციელს რეალურად ეჭვი აქვს რომ ეს იყო ქურდობა – ასეთ ფაქტებზეც იწყება გამოძიება. ანუ 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს რეგისტრაცია გაუმჯობესებულია და დანაშაულის ზრდის 44% მოდის ქურდობაზე. რაც შეეხება, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ქურდობას – ეს არის ის კატეგორია სადაც რეალურად ძალიან ბევრს ვმუშაობთ პრევენციაზე“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ ქურდობის აქტუალობა ასევე დაკავშირეულია ამ დანაშაულში არასრულწლოვნების მონაწილეობასთან.
„ეს არის დანაშაულის ის კატეგორია, სადაც ძირითად შემთხვევებში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, ვგულისხმობ როგორ 14-18 წლის ისე 14 წლამდე პირებს და ეს კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს და ბუნებრივია ბრიფინგი ამ საკითხზე სასაუბროდ არ გვეყოფა“,-აღნიშნა მეზვრიშვილმა.
ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის აღრიცხვიანობისადი ახალი მიდგომის შემდეგ პირველი წლიური სტატისტიკა გამოაქვეყნა