კახა კალაძე: მიზანმიმართული თავდასხმები მთლიანად სასამართლო სისტემაზე მიმდინარეობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია

თავი დავანებოთ კონკრეტულ მოსამართლეებს – მიზანმიმართული თავდასხმები მთლიანად სასამართლო სისტემაზე მიმდინარეობს, რაც კატეგორიულად მიუღებელია – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ სასამართლოში განხორციელდეს რეფორმები.
“2012 წლის შემდეგ გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, თუმცა რა თქმა უნდა, ამით არ უნდა დავკმაყოფილდეთ. პირიქით, რეფორმების გაგრძელებას უნდა შევუწყოთ ხელი და რაც ყველაზე მთავარია, სასამართლოს რეპუტაცია და გამჭვირვალობა უნდა იყოს შენარჩუნებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერმა სტატისტიკაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2012 წლის შემდგომი სტატისტიკა წინგადადგმულ ნაბიჯებზე მიუთითებს.
“შეგიძლიათ ნახოთ გამოტანილი განაჩენების სტატისტიკა სხვადასხვა მიმართულებით. უნდა გავაკეთოთ შედარებები და ერთმანეთს შევადაროთ, რა იყო 2012 წლამდე და რა არის დღეს. თქვენ ნახავთ წინგადადგმულ ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, არსებულით კმაყოფილი არა ვართ – გვინდა უკეთესი, გვინდა ცვლილებები, გვინდა რეფორმები. ნუ დავალთ კონკრეტულ პიროვნებებზე – თუკი ვინმეს კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით აქვს კითხვები, იქნება ამის შესაბამისი პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია ამა თუ იმ მოსამართლეს კითხვები ცივილიზებულ, სამართლებრივ ჩარჩოში დაუსვას – არ უნდა გავიდეთ სამართლებრივი ჩარჩოებიდან“, – აღნიშნა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები