“მეგობრებს რომ სეირს ანახებდნენ, ისინი კი არ არიან დასაჭერები, ის ხალხია დასაჭერი, ვისაც ბოროტი მიზნები ჰქონდა”
პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების ინტერნეტში გამზიარებელი 17 ადამიანი, მეგობრებს რომ სეირს ანახებდა, კი არ არის დასაჭერი, არამედ ის ხალხია დასაჭერი, ვისაც ბოროტი მიზნები გააჩნდა და უნდოდა, ადამიანი გაეშავებინა ამ საზოგადოებაში, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებული ორი პირი პარტია “გირჩის” აქტივისტია.
იაგო ხვიჩიას თქმით, დასასჯელია ის ადამიანი, რომელმაც სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოება პირველმა დაარღვია.
„ადამიანი, რომელმაც პირველმა დაარღვია სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოება, შეიჭრა სადღაც და დაამზადა ჩანაწერები, შესაძლებელია, რომ სანქცირებას ექვემდებარებოდეს, მაგრამ ხალხი, რომელიც დღეს ციხეში ზის, მათ შორის „გირჩის“ მხარდამჭერები, ასევე, ადამიანები, რომლებიც გირაოთი გამოუშვეს, ამ შემთხვევაში უდანაშაულოები არიან. მათი მიზანი არ ყოფილა ვინმესთვის ზიანის მიყენება.
იცით, რომ ეს კადრები გავრცელდა არა იმიტომ, რომ ვიღაცას სხვა ადამიანის პირადი ცხოვრების ნახვა აინტერესებდა და ეს ამცნეს, არამედ იმის გამო, რომ ადამიანის კომპრომატირების, მისი ავტორიტეტის გაფუჭების მიზანი არსებობდა. იმ ადამიანებს, რომლებიც ამ წუთას სხედან ციხეში ან გამოშვებული არიან გირაოთი, არცერთს მსგავსი სურვილი არ ჰქონია. მათი ნაწილი, რომელმაც რაღაც დახურულ ჯგუფში გააზიარა ვიდეოფაილი, აზიარებდა უბრალოდ სეირის სანახავად და არა იმისთვის, რომ ვინმესთვის ზიანი მიეყენებინა. ხოლო სხვა ადამიანებს, რომლებიც გირაოთი არიან გამოშვებულები არც გაუზიარებიათ, მათ უბრალოდ მიიღეს ასეთი ვიდეოფაილი. ზოგმა ნახა, ზოგს საერთოდ არც უნახავს.
ეს ფაილები, როცა ხალხის დაჭრა დაიწყო საქართველოში, ასი ათასზე მეტ კაცს ექნებოდა ნანახი, ანუ ჩვენ, ფაქტობრივად, ახლა გვყავს ადამიანები, რომლებსაც ვასამართლებთ, მაგრამ ასეთი ადამიანები ჩვენს შორის თავისუფლად დადიან, არა ერთი და ორი, არამედ ასი ათასი და ყველა მათგანი უდანაშაულოა“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
ხვიჩიას თქმით, ის მიიჩნევს, რომ უდანაშაულოა ადამიანი, რომელსაც მოუვიდა ინტერნეტში ვიდეოფაილი, ნახა, მაგრამ არაფერი გაუკეთებია მისი გავრცელებისთვის და არც პოლიციაში დაურეკავს.
„ასეთი მიდგომა, რომ პოლიციაში დარეკეთ, როცა მესიჯზე პირობითად პორნოლინკი მოგივათ, იმიტომ, რომ ეს უკანონოდ ხომ არ არის მოპოვებული და ვინმეს პირად ცხოვრებას ხომ არ არღვევს, ეს არაადამიანურია. ადამიანები ასე არ ვიქცევით“,- განაცხადა ხვიჩიამ.
მისივე თქმით, დაკავებულები არიან ის პირები, რომლებაც ვიდეოფაილი სოციალურ ქსელში, დახურულ ჯგუფში გაავრცელეს.
„დახურულ ჯგუფში, სადაც მეგობრები იყვნენ, ერთმა იკითხა, ხომ არ გაქვთ ეს ფაილი, ხომ არ გინახავთო, მეორემ თქვა – ა, ბატონო, აგერ არისო და გააზიარა. ორივე მათგანის მიზანი, ამ შემთხვევაში, იყო ჩვეულებრივი გართობა და ცნობისმოყვარეობა. ისინი დაჭერილები არიან ახლა.
იმ ადამიანებს, რომლებიც ახლა სხედან ციხეში და რომლებსაც ასამართლებენ, ზიანი არ მიუყენებიათ ქალბატონი ეკასთვის. მგონია, აქაც დასაფასებელია ქალბატონი ეკას საქციელი, მანაც კი მოუწოდა პოლიციას და სასამართლოს, რომ მას არ უნდა უბრალო ადამიანების ცოდვის დადება საკუთარ კისერზე. არ მიგვაჩნია, რომ ამით „გირჩს“ პოლიტიკურად გვებრძვიან, ჩვენ ამის არ გვჯერა. ვითხოვთ, რომ უდანაშაულო ადამიანი არ იჯდეს ციხეში, შეწყდეს საქმე. აუცილებლად გამოსაძიებელია, თუ ვის უნდოდა პოლიტიკოსისთვის ზიანის მიყენება.
ინტერნეტში გამზიარებელი 17 ადამიანი, მეგობრებს რომ სეირს ანახებდა, კი არ არის დასაჭერი, არამედ ის ხალხია დასაჭერი, ვისაც ბოროტი მიზნები გააჩნდა და უნდოდა, ადამიანი გაეშავებინა ამ საზოგადეობაში. ჩემი აზრით, ვერ მიაღწია, ვერც მიაღწევს. ეს იქნება მაცვენებლი იმისა, რომ როგორც საზოგადოება ვიზრდებით“- განაცხადა ხვიჩიამ.
შეგახსენებთ, რომ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე17 პირი დააკავეს. სასამართლომ ყველა მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. საბოლოო ჯამში, ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტაპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეოჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.
სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
“ნონა ჟორჟაძეს, რომელსაც ვიცავ, ვიდეო არ გაუვრცელებია. მან აღნიშნული ვიდეო თავის ტელეფონში საღამოს მიიღო და დილით დააკავეს”, – ამის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ნონა ჟორჟაძის ადვოკატმა თეიმურაზ მაგრაქველიძემ განაცხადა.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებული ორი პირი პარტია “გირჩის” აქტივისტია.
საშინელი პრეცედენტია, ნებისმიერ ჩვენგანს, ინტერნეტში ვიღაცამ რაღაც რომ გამოუგზავნოს, შეიძლება ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებულების პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.
თამუნა შეყილაძე