კოჟორიძე ფარული ჩანაწერების საქმეზე: გამოძიების მიზანი უნდა იყოს არა მათი დასჯა, ვისაც ლინკი მიუვიდათ, არამედ დამგეგმავების

მთავარი ამ გამოძიების მიზანი უნდა იყოს არა იმ ადამიანების დასჯა, ვისაც მიუვიდათ ლინკი და აღმოაჩინეს, რაც აღმოაჩინეს, არამედ მათი დასჯა, ვინც გაგზავნა და ვინც დაგეგმა, – ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყველას პასუხისმგებლობაა, რომ ამგავრი ჩანაწერების მიმართ, არ გამოხატოს ინტერესი, რადგან, მისი თქმით, სწორედ ჩვენი ინტერესია ის, რის გამოც ვიღაცები ამ ჩანაწერებს ავრცელებენ.
„ის, რაც ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ხდება ჩვენს ქვეყანაში უკვე მერამდენე წელია, ერთდორულად არის დანაშულიც და სირცხვილიც თითოეული ჩვენგანის, მთელი საზოგადოების.
პირველ რიგში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება , რომ გამოიძიონ, შეისწავლონ და დადონ დასკვნა, ის ადამიანი, რომელიც რაიმე ფორმით ამ ტიპის სირცხვილში და დანაშულში მონაწილეობდა, პასუხი აგებინონ . ამავე დროს თითოეულ ჩვენგანს აქვს პასუხისმგებლობა , რომ ასეთ ჩანაწერები არათუ გაავრცელოს, არამედ არც კი უყუროს, ინტერესი არ უნდა გამოვხატოთ. უნდა მივხდეთ, რომ სწორედ ჩვენი ინტერესია ის, რის გამოც ვიღაცეები ამ ჩანაწერებს ავრცელებენ. უნდა ვაჩვენოთ, რომ არ გვაინტერესებს, რა ხდება სხვის საძინებელში , გვაინტერესებს ჩვენი ქვეყნის განვითარება და სხვის საძინებელში განვითარებული მოვლენები ჩვენი ააქმე არ არის.
რაც შეეხება სამართლებრივი კუთხით შეფასებას, კანონმდებლობით სწორი საქციელია- მას შემდეგ რაც ადამიანს მიუვა მსგავსი ტიპის ჩანაწერი, სამართლდამცველ ორგანოებს შეატყობინოს.
რაც შეეხება ამ კონკრეტულ საქმეებს , მე არ ვიცი, ვერ გეტყვით იქ რა ბრალდებებია. ზოგადად, შემიძლია, გითხრათ, რომ ამ გამოძიების მიზანი უნდა იყოს არა იმ ადამიანების დასჯა, ვისაც მიუვიდათ ლინკი და აღმოაჩინეს, რაც აღმოაჩინეს, არამედ ის, ვინც გაგზავნა და ვინც დაგეგმა, ეს არის მთავარი, რომ ამ სირცხვილის გამგზავნები და დამგეგმავები დაისაჯონ და მიეცენ პასუხისგებაში“- განაცხადა კოჟორიძემ.
შეგახსენებთ, რომ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე17 პირი დააკავეს. სასამართლომ ყველა მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელა. საბოლოო ჯამში, ბრალდებული 17 პირიდან სამს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო 14-ს კი გირაო შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები სოციალური ქსელის და მობილური ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით ინახავდნენ და მასობრივად ავრცელებდნენ პირადი ცხოვრების ამსახველ ვიდეო-ჩანაწერს. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია.
სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ისე მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.
ნონა ჟორჟაძეს, რომელსაც ვიცავ, ვიდეო არ გაუვრცელებია. მან აღნიშნული ვიდეო თავის ტელეფონში საღამოს მიიღო და დილით დააკავეს, – ამის შესახებ ფარული ვიდეოჩანაწერების საქმეზე დაკავებული ნონა ჟორჟაძის ადვოკატმა თეიმურაზ მაგრაქველიძემ განაცხადა.
აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობაში დატოვებული ორი პირი პარტია “გირჩის” აქტივისტია.
საშინელი პრეცედენტია, ნებისმიერ ჩვენგანს, ინტერნეტში ვიღაცამ რაღაც რომ გამოუგზავნოს, შეიძლება ამის გამო ციხეში წლების გატარება მოუწიოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სასამართლოში ფარული ვიდეოჩანაწერის საქმეზე დაკავებულების პროცესის დასრულების შემდეგ განუცხადა.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები