„როცა მურუსიძეს ვეკითხებით აზრს, თუ როგორ უნდა დავაკომპლექტოთ სასამართლო, ეს პროცესისათვის ნდობის საფუძველი ვერ იქნება“

როცა მურუსიძეს ვეკითხებით აზრს, თუ როგორ უნდა დავაკომპლექტოთ სასამართლო, რა კრიტერიუმები და პროცედურები უნდა შევადგინოთ, ჩემთვის ეს ამ პროცესისათვის ნდობის სფუძველი ვერ იქნება, – ამის შესახებ იურისტმა კახა კოჟორიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კოჟორიძის თქმით, სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შექმნა კარგია, მაგრამ გასააზრებელია ის, თუ პარლამენტარების გარდა, ვინ არიან ამ სამუშაო ჯგუფში.
„სამწუხაროდ, ჩვენ ისევ ვეკითხებით იუსტიციისა საბჭოს იმ მოსამართლე წევრებს აზრს, ვისი თაოსნობითაც სწორედ სასამართლო სისტემაში არაერთი ცუდი, უსამართლო, სისტემისა და ქვეყნისათვის საზიანო გადაწყვეტილება იქნა მიღებული. როცა მურუსიძეს ვეკითხებით აზრს, თუ როგორ უნდა დავაკომპლექტოთ სასამართლო, რა კრიტერიუმები და პროცედურები უნდა შევადგინოთ, ჩემთვის ეს ამ პროცესისათვის ნდობის საფუძველი ვერ იქნება. ცხადია, კარგია, რომ დეპუტატები აქტიურად მსჯელობენ კარგია ის, რომ რაღაცნაირად ეს ორი რადიკალურად განსხვავებული პოზიციები ერთმანეთთან ახლოვდება“, – განაცხადა კოჟორიძემ.
მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეჩერდება.
„უვადოდ დანიშვნასთან დაკავშირებითაც მინდა, ვთქვა, კარგია თუ ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ვგულისხმობ შეჩერებას. ამაზე ვსაუბროდი, როცა არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ვიყავი. იდეაში, მოსამართლის უვადოდ დანიშვნა არის კარგი და არასამთავრობო ორგანიზაციას არ უნდა ესაუბრა იმაზე, რომ მოდი, უვადოდ დანიშვნა, იქნებ შევაჩეროთ. მაგრამ მე ვსაუბრობდი იმიტომ, რომ მართლმსაჯულების სისტემა არ იყო მომზადებული ამ მნიშვნელოვანი რეფორმისთვის. მანამ, სანამ მომზადებული იქნებოდა, თუ ეს ამუშავდებოდა, იქნებოდა კონტრპორუდქტიული, ანუ უვადოდ დანიშვნა, ერთის მხრივ, არის ძალიან კარგი, მაგრამ თუ სისტემა არ არის მზად, მოხდება ის, რომ უვადოდ დაინიშნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ მოსამართლის მანტიას. შესაბამისად , უვადოდ გათავისუფლებული და დამოუკდიებელი სასამართლოს ნაცვლად, მივიღებთ უვადოდ დანიშნულ მორჩილ მოსამართლეებს. ამის არაერთი მაგალითი ვნახეთ, როცა პატივცემული მურუსიძე და ჩინჩალაძე მოვახერხეთ და გავამწესეთ უვადო მოსამართლეებად. ამიტომ, ახლა მაინც თუ მოხდება ამ გადაწყვეტილების შეჩერება, მე მივესალმები. ამის შემდეგ უნდა მოხდეს სისტემის მომზადება. კვალიფიციური კადრები, ღირესული ადამიანები, რომელიც თავიანთი პროფესიული მოღვაწეობით ადასტურებენ, რომ არიან არა რომელიმე პოლიტიკური ძალის ერთგულები, არამედ ერთგულები სამართელებრივი პრინციპების, ღირებულებების, ასეთი ადამიანების შერჩევა არის, ყოველთვის იყო და იქნება პრინციპული და ცენტრალური საკითხი იმისთვის, თუ გვინდა მართლმსაჯულების სისტემაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდეს“, – განაცხადა კოჟორიძემ.
ცნობისთვის, უმრავლესობის წევრის, ლევან გოგიჩაიშვილის ინფორმაციით, პარლამენტში დარეგისტრირდება კანონპროექტი, რომლითაც მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა შეჩერდება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები