ეკა ბესელია: იმედი მაქვს, რომ უზენაეს სასამართლოში არ მოხვდება არცერთი ისეთი მოსამართლე, რომელსაც არ ექნება მაღალი სანდოობა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელიას განცხადებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე ანრი ოხანაშვილს მხარს არ დაუჭერს. ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას, ის მიზეზები განმარტა, რატომაც არ უჭერს მხარს ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე.
,,რაც შეეხება კომიტეტის თავმჯდომარის საკითხს, არ ვეთანხმები იმ პოზიციას, რომელიც უმრავლესობის შიგნით შეჯერდა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება სესიაზე უნდა მიიღონ. ლევან გოგიჩაიშვლის კანდიდატურა ჩემთვის არის სწორედ იმ ღირებულებების, რომლის დაცვასაც აქვს პრინციპული მნიშვნელობა. ჩემთვის არამხოლოდ სახელსა და გვარს, არამედ სწორედ ამ სტანდარტების დაცვასა და ამ გზით სვლას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანრი ოხანაშვილის კანდიდატურას სწორედ ამიტომ არ ვუჭერ და არ დავუჭერ მხარს და ეს არ არის პერსონალური ამბავი, ეს არის საკითხი, რომელიც ეხება სასამართლოსთან დაკავშირებულ ხედვას და იმ პრინციპების დაცვას, რომელსაც ვიცავთ. მე იმედი მაქვს, რომ საბოლოოდ, ინიცირებული იქნება ის ვერსია, რომელიც დააზღვევს რისკებს, რომ არ მოხვდეს უზენაეს სასამართლოში არცერთი ისეთი მოსამართლე, რომელსაც არ ექნება მაღალი სანდოობა. ეს არის მაღალი დემოკრატიულობის მაჩვენებელი“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.