გედევან ფოფხაძე: ჩემთვის უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეების არჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუცია

შვიდსაათიანი შეხვედრა პარტია „ქართული ოცნების” ოფისში დასრულდა. შეხვედრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ პირველმა დატოვა. როგორც გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მას კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.
„შევთანხმდით იმაზე, რომ პროცესი კრიტერიუმებთან დაკავშირებით, კონსტიტუციის ჩარჩოებს არ გასცდება. მე ვერ ვხვდები, ეს რას ნიშნავს, ამიტომ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიმიღია. ვერ გავერკვიე, რაში მდგომარეობს ეს გადაწყვეტილება. მე მგონია, რომ ამის წინააღმდეგი თავიდანვე არავინ იქნებოდა, ეს სადავო არ არის. პროცესი გაგრძელდება პარლამენტშიც.
ამ ეტაპზე, პრინციპის დონეზე შევთანხმდით, რომ მიღებული გადაწყვეტილება კონსტიტუციასთან შესაბამისობაში იქნება. კონსტიტუციის შეცვლას პრინციპულად არც ითხოვდა ვინმე, თუმცა მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის უზენაეს სასამართლოში ღირსეული მოსამართლეების არჩევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონსტიტუცია. მე არავის მოვუწოდებ, რომ კონსტიტუცია დავარღვიოთ, უბრალოდ, თუ კონსტიტუციის მოქმედი რედაქციით ღირსეულ მოსამართლეებს ვერ ვირჩევთ, მაშინ მოსამართლეობის სტანდარტი კი არ უნდა შევამციროთ, არამედ კონსტიტუცია უნდა შევცვალოთ. ალბათ, მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებშიც შესაძლებელია ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ავირჩიოთ ღირსეული მოსამართლეები. ამ პროცესის მიზანი უნდა იყოს ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები გახდნენ ღირსეული და წესიერი ადამიანები. ეს არავისთვის არის სადავო. ვნახოთ, როგორ განვითარდება პროცესები“, – განაცხადა ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები