არჩილ თალაკვაძე: უმრავლესობის სხდომაზე სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე ვიმსჯელებთ
„დღეს ვიმსჯელებთ, რათა თითოეული მოსამართლის კანდიდატურის განხილვას დაეთმოს საკმაო, დრო შიდა საპარლამენტო ფორმატში და თითოეულ პარლამენტარს ექნება კითხვების დასმის შესაძლებლობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისთან განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სხდომა მიმდინარეობს.
მისივე განმარტებით, უმრავლესობის წევრებს შორის მსჯელობა არ იქნება მოსამართლეების კრიტერიუმებთან დაკავშირებით, არამედ დეპუტატები იმ პროცესებზე ისაუბრებენ, რომლითაც პარლამენტში მოსამართლეების შერჩევა მოხდება.
„წინა შეხვედრაზე ჩვენ შევთანხმდით ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლოს უკავშირდება და კონკრეტულად უზენაეს სასამართლოს. გუშინ გითხარით, რომ კიდევ ერთი შეხვედრა იქნება, სავარაუდოდ, საჭირო და დღეს გვაქვს უმრავლესობის მორიგი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. დღეს ასევე ვიმსჯელებთ სასამართლოსთან დაკავშირებით. მსჯელობა არ იქნება კრიტერიუმებთან დაკავშირებით, არამედ ვისაუბრებთ მთლიანობაში იმ პროცესზე და მარეგულირებელ ჩარჩოზე, რომლითაც პარლამენტში მოსამართლეების შერჩევა, წარდგენა და დამტკიცება უნდა მოხდეს.
მნიშვნელოვანია, რომ პარლამენტმა ყველა კანდიდატი განიხილოს სათითაოდ, სათანადოდ და მის მიმართ მხარდაჭერა გამოხატოს. დღეს ვიმსჯელებთ, რომ თითოეული მოსამართლის კანდიდატურის განხილვას დაეთმოს საკმაო დრო შიდა საპარლამენტო ფორმატში და თითოეულ პარლამენტარს ექნება კითხვების დასმის შესაძლებლობა. დღეს გვექნება მსჯელობა ამ პროცესთან დაკავშირებით, ყველა ნიუანსს განვიხილავთ და ვეცდებით, რომ უკვე სამუშაო საკითხებზე შევთანხმდეთ“,- განაცხადა თალაკვაძემ.
„ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე – ბიძინა ივანიშვილი ესწრება.