“აუცილებლად უნდა მივიდეს გამოძიება ამ დანაშაულის ორგანიზატორთან, იმ სათავესთან, საიდანაც დაიგეგმა ამის განხორციელება”

შევხვდი მინისტრის მოადგილეს და კრიმინალური პოლიციის უფროსს, ვისაც ეს გამოძიება მიჰყავს. შეხვედრის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა, რომ მე მეთქვა გარკვეული მოსაზრებები და ასევე, მიმეღო ინფორმაცია, – ამის შესახებ ეკა ბესელიამ შს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
“ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეები გავაფრთხილოთ, რათა არ მოხდეს ბევრი ადამიანის დანაშაულებრივ ქმედებაში გაუაზრებლად ჩართვა. ყველა უნდა გავაფრთხილოთ, რომ უკანონო ჩანაწერის როგორც გავრცელება და განხორციელება, ასევე შენახვაც სისხლის სამართლის დასჯადი ქმედებაა. რამდენიმე პირი დაკავებულია, რომელსაც შეიძლება არც ჰქონდა გააზრებული და ისე ახორციელებდა ამ ჩანაწერის გაზიარებას ან შენახვას. თუმცა, არიან ადამიანები, რომელთა მიმართაც მიმდინარეობს გადამოწმება, მათი პოლიტიკური კავშირების თვალსაზრისით. ამაზე გამოძიება ისაუბრებს და არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო. რეგიონებშიცაა რამდენიმე ადამიანი დაკავებული. ეს რაოდენობა ალბათ გაიზრდება, რადგან საკმაოდ ბევრი ადამიანი იყო ჩართული ამ უკანონო ქმედებაში. ჩემთვის მთავარია ჩვენი მოქალაქეები დაცულები იყვნენ ასეთი უკანონო ქმედებისგან, აუცილებლად უნდა მივიდეს გამოძიება ამ დანაშაულის ორგანიზატორთან, იმ სათავესთან, საიდანაც დაიგეგმა ამის განხორციელება”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, უწყებაში გამართული შეხვედრისას ღია საუბარი შედგა.
„თუ ლოგიკას გავყვებით, წესით უნდა მქონდეს საფუძველი, ვიფიქრო, რომ მათ ინტერესებშია ამ დანაშაულის ბოლომდე გახსნა, მათაც ძალიან კარგად ესმით ეს და ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი საუბარი, ძალიან ღიად. ჩემი განწყობაც ვუთხარი, ეჭვები და ვარაუდებიც გავუზიარე. ფაქტია, ეს ყველაფერი ემთხვევა ამ პოლიტიკურ პროცესს, ამ ღია კონფლიქტსა და დაპირისპირებას, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ, მეც და რამდენიმე ადამიანს იმ ცნობილი მოვლენების შემდეგ”, – განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის შენახვისა და მასობრივად გავრცელების ფაქტზე დღეს 16 პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები