პრემიერის გადაწყვეტილებით, წელს გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვის აღარ ჩატარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წელს გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც აღარ ჩატარდება.
“მე-12 კლასელებისთვის წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები აღარ ჩატარდება. მივიღე გადაწყვეტილება, რომ წელსვე მოეხსნათ გამოცდები როგორც მე-11, ისე მე-12 კლასის მოსწავლეებს. აქვე მინდა განვმარტო, რომ აბიტურიენტები უმაღლეს სასწავლებლებში ისევ ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სისტემის ცვლილების ეს ნაწილი მომავალი წლიდან ამოქმედდება”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
ცნობისათვის, 28 იანვარს განათლების სისტემის ახალი მოდელის პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ ატესტატის გაცემის წესი იცვლება და შესაბამისად, სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. თავდაპირველი გადაწყვეტილებით, 2019 წელს გამოსაშვები გამოცდები მხოლოდ მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდა, ხოლო მე-12 კლასელებისთვის წელს გამოცდების შენარჩუნება იგეგმებოდა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა, საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელთათვისაც უნდა გაუქმებულიყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები