მამუკა ბახტაძე: სამუდამოდ უნდა დამთავრდეს, გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო თუ სხვადასხვა დაუდევრობით, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები

„რამდენადაც რთული არ უნდა იყოს დღეს ამაზე საუბარი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის კანცელარიაში დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა ქეთევან წამებულის გამზირზე მომხდარი უბედური შემთხვევის დროს გარდაცვლილების ოჯახებს მიუსამძიმრა. „მხუთავმა აირმა ჩვენი 7 ახალგაზრდის, თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და ახლობლებს. საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს გაზმომარაგების სისტემური გაუმართაობის გამო თუ სხვადასხვა დაუდევრობით, სიცოცხლის მოსპობის შემთხვევები. უკვე დაწყებულია მუშაობა კანონმდებლობის გამკაცრებაზე, მათ შორის ეს შეეხება, როგორც გაზის მიმწოდებელ კომპანიებს, ასევე გაზის მომხმარებლებს. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს დღეს ამაზე საუბარი, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ამგვარი ტრაგედიები მომავალში აღარასოდეს განმეორდეს. აუცილებელია, ასევე, მოქალაქეების ინფორმირება და საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორი მძიმე შედეგები შეიძლება მოყვეს გაზის მოხმარების წესების დარღვევას და თვითნებურ მოქმედებებს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები