სოფო კილაძე ფარულ ჩანაწერებზე: აუცილებელია დადგინდეს, ვინ არის თავი და თავი ამ საზიზღრობისა
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე სვამს კითხვას თუ ვის შეიძლება აწყობდეს პირადი ცხოვრების ფარული ჩანაწერების გავრცელება. როგრც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, აუცილებლად უნდა დადგინდეს ვინ დგას ამ ყველაფრის უკან.
“მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცველებმა პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების გამავრცელებლები დააკავეს. ახლა აუცილებელია დადგინდეს, საიდან მოდის ეს ყველაფერი, ვინ არის თავი და თავი ამ საზიზღრობისა. მგონია, რომ გარკვეული ძალები ცდილობენ სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხები პირდაპირ დააკავშირონ ამ ჩანაწერებს და გუნდში განხეთქილება შემოიტანონ, “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოიყენონ. მაინტერესებს საზოგადოების აზრი, ამიტომ დავსვამ შემდეგ შეკითხვას : ვის აწყობს ამ ამორალური საქციელით გამოწვეული შედეგები?” – წერს სოფო კილაძე სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერის მასობრივად გავრცელების ფაქტზე 16 პირი დააკავა.