ექიმის ადვოკატი, რომელიც რევაზ ნასიძემ სცემა, დეტალებს ასაჯაროებს – ხმაურიანი საქმის გაგრძელება

წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკის ნაცემი ექიმის, ნოე ბერიშვილის ადვოკატის ნონა ფილაურის ინფორმაციით, ექიმის ცემის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. დაცვის მხარე ამ კვალიფიკაციას არ ეთანხმება და ამბობს, რომ ნოე ბერიშვილს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული.
აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ექიმთა უფლებების დაცვის ასოციაცია „დაიცავი ექიმის” თავმჯდომარე სალომე ლოლუამ და ასოციაციის ადვოკატმა, ექიმის ინტერესების დამცველმა ნონა ფილაურმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
„გამოძიებას აწარმოებს თბილისის საპატრულო პოლიცია, ზედამხედველობს თბილისის პროკურატურა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით , რაც ნიშნავს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. ჩვენ პრეტენზია გვაქვს ამ მუხლთან, იმიტომ, რომ დაზიანებები საკმაოდ სერიოზული იყო, ჩაუტარდა ბარტონ ნოეს სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა, პასუხი ჯერ არ გვაქვს, სავარაუდოდ, კვალიფიკაციაზე სერიოზულ გავლენას მოახდენს ექსპერტიზის პასუხი, ამიტომ, ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. მოგეხსენებათ, დაზარალებული არაა მხარე, ამდენად ჩვენ გამოძიების მასალებს არ ვიცნობთ. გვაქვს მხოლოდ ინფორმაცია იმაზე, რომ დაკითხულია ძალიან ბევრი ექიმი, პაციენტი რომლებიც იმ დროს ემერჯენსის განყოფილებაში იყვნენ, სადაც ეს ფაქტი მოხდა. მოწმეთა ბაზა დიდია, აუცილებლად დადასტურდება ის ფაქტი, რომ ნამდვილად მოხდა ექიმის ჯანმრთელობის ფიზიკური ხელყოფა.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოკვლეული იქნას, რამ გამოიწვია ეს ფაქტი, ჰქონდა, თუ არა პაციენტს ჯანმრთელობის ასეთი პრობლემები, ფსიქოლოგიური პრობლემები, ან თუნდაც ნარკოდამოკიდებულება და ამიტომ ხომ არ დადგა ეს შედეგი.
ექიმი საკმაოდ შეურაცხყოფილია. მას აქვს პრეტენზია იმასთან მიმართებაში, რომ მისი როგორც ექიმის პროფესიული ღირსება შელახულია“- განაცხადა ადვოკატმა.
სალომე ლოლუას განცხადებით, ასოციაცია, ყველა დაზარალებული ექიმის ინტერესებს დაიცავს. როგორც ლოლუამ აღნიშნა, დაუცველი ექიმი დაუცველ ჯანმრთელობას ნიშნავს.
„ექიმთა უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში ბოლო დროს შექმნილია სიტუაცია, რომელიც უარყოფითად მოქმედებს მოქმედებს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაზე. დაუცველი ექიმი ნიშნავს დაუცველ ჯანმრთელობას.
ჩვენი შეხვედრა ეხება კონკრეტული ექიმის, ნოე ბერიშვილის ცემის ფაქტს. ცივილურ სახელმწიფოში ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს
5 იანვარს პაციენტი რევაზ ნასიძე კერძო სამედიცინო დაზღვევის კატასტროფის ბრიგადამ წმიდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მიიყვანა. მორიგე ექიმი იმ დღეს იყო ნოე ბერიშვილი. პაციენტს შეეთავაზა სამედიცინო დაწესებულებაში სრული მომსახურება – ლაბორატორიული კვლევები და სამედიცინო დახმარება, რა

ზეც მან უარი განაცხადა. როგორც ირკვევა, მოითხოვდა ნარკოტიკული საშუალება მორფის გაკეთებას, პაციენტს ამაზე უარი უთხრეს და უარის მიღების შემდეგ ის ფიზიკურად გაუსწროდა მის მკურნალ ექიმს, ნოე ბერიშვილს.
ვგეგმავთ ყველა იმ ძალადობრივი ფაქტის შესწავლას , რომელსაც ადგილი ჰქონდა ექიმების მიმართ ბოლო წლების მანძილზე, ყველა ეს ფაქტი იქნება დეტალურად შესწავლილი და სათანადოდ იქნება ყველა ექიმის უფლება დაცული“, – განაცხადა ლოლუამ.

შეგახსენებთ, რომ რევაზ ნასიძის დედა, თამარ ნიშნიანიძე მედიასთან საუბარში აცხადებდა, რომ მის შვილს რამდენიმე დღის განმავლობაში ვირუსი ჰქონდა, ცოტა უფრო ადრე კი, ჰაიმორიტი. როგორც ნიშნიანიძემ განაცხადა, ის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა მაღალი ტემპერატურით და თავის ძლიერი ტკივილით გადაიყვანა. დედის განმარტებით, ნასიძემ საავადმყოფოში არა ნარკოტიკი, არამედ ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი, მათ შორის, მორფიუმი მოითხოვა.
ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რეზი ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
რევაზ ნასიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარედგინა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები