მაია ცქიტიშვილი: სამწუხაროდ, NDI-ის საქართველოში დიდი ნდობა არ აქვს
“ვისურვებდი, რომ ამ კვლევებს უფრო მეტი სანდოობის ხარისხი ჰქონოდა. შესაბამისად, კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ”, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა NDI-ის კვლევებზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველომ არაერთი ღონისძიება განახორციელა, არა მხოლოდ კორუფციასთან ბრძოლის, არამედ მისი პრევენციის მიზნით და აღნიშნული საკითხი სხვა ბევრი ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერაა შეფასებული.
„დიდ სინანულს გამოვთქვამ, რომ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევებს სამწუხაროდ, საქართველოში არ აქვს დიდი ნდობა, რომელიც შესაძლოა, ჰქონოდა კვლევის საველე სამუშაოებს უფრო მიუკერძოებელი ორგანიზაცია რომ ატარებდეს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ პატივს ვცემთ NDI-ს, როგორც ჩვენს ინსტიტუციურად სტრატეგიულ პარტნიორს. ვისურვებდი, რომ ამ კვლევებს უფრო მეტი სანდოობის ხარისხი ჰქონოდა. შესაბამისად, კონკრეტულ რიცხვებთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, მაგრამ უშუალოდ კორუფციის, ნეპოტიზმთან და საერთო შეფასებასთან მიმართებაში, საერთოდ კორუფციას ვერასოდეს გამორიცხავ, ვერც სახელმწიფო და ხშირ შემთხვევაში, ვერც კერძო სტრუქტურებში.
არა მარტო კორუფციასთან ბრძოლა, არამედ კორუფციის პრევენცია ძალიან მაღალ ხარისხში არის აყვანილი. ეს არის ყველგან – პოლიტიკაში, კანონმდებლობაში, ზოგადად, გამჭვირვალობის სტანდარტებთან მიმართებაში, რაც ყველა პროექტთან დაკავშირებით გვაქვს.
ამ მიმართულებით ჩვენ შეშფოთების ან ნერვიულობის საფუძველი არ გვაქვს“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
ცნობისათვის, „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 30 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოში კორუფცია ძალიან გავრცელებულია, 21 პროცენტი კი ამბობს, რომ საერთოდ არ არის გავრცელებული.