შესყიდვების სააგენტო: თაფლის ყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში ჯერ არავის გაუმარჯვია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო სახელმწიფო უწყებების მიერ რუსული თაფლის ყიდვასთან დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, ტენდერში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია ჯერ გამოვლენილი არ არის.
შესყიდვების სააგენტოს ცნობით, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ნატურალური თაფლის შესყიდვის მიზნით, კონსოლიდირებული ტენდერი შესაბამისი – კონკრეტულად ნატურალური თაფლის კლასიფიკატორის კოდით გამოცხადდა.
“შესაბამისად, ყველა სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა მიეღო ტენდერში მონაწილეობა. ამასთან, 597 სისტემაში რეგისტრირებულ მომხმარებელს გაეგზავნა ინფორმაცია ტენდერის გამოცხადების შესახებ.ტენდერი ამ დროისთვის არის შერჩევა/შეფასების ეტაპზე, მასში გამარჯვებული მიმწოდებელი კომპანია არ არის გამოვლენილი.
ამჟამად მიმდინარეობს ყველაზე დაბალი ფასის მქონე პრეტენდენტის შერჩევა/შეფასება, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე საჯაროდ ატვირთული დოკუმენტაციის საფუძველზე.
მოვუწოდებთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს თავი შეიკავონ ტენდერის დასრულებამდე საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან და სატენდერო პროცესის არასწორი ინტერპეტაციისგან”, – წერია შესყიდვების სააგენტოს განცხადებაში.
დღეს რამდენიმე ვებგვერდმა დაწერა, რომ საქართველოს მთავრობა 2019 წელს 1 024 800 ლარის ღირებულების 73 200 კგ რუსულ თაფლს ყიდულობს. აქედან 25 ათას კგ-ს შსს, 14 600 კგ-ს სასაზღვრო პოლიცია, 3000 კგ-ს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტი, 600 კგ-ს საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, 30 ათას კგ-ს კი სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა შეიძენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები