ნინო წილოსანი: განათლების სფეროში შეფასების სწორი სისტემის ჩამოყალიბება რეალური გამოწვევაა
„განათლების სამინისტროს მიერ დაანონსებული ცვლილებები პოზიტიური და აუცილებელი ნაბიჯია სასკოლო სისტემის რეფორმირებისთვის“, – ასე ეხმაურება პარლამენტის უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი განათლების მინისტრის განცხადებას, რომელიც საჯარო სკოლებში გამოცდების გაუქმებას ეხება.
ამასთან, ნინო წილოსანი იმ ოპონენტებსაც პასუხობს, ვინც მინისტრის ინიციატივა გააკრიტიკა.
„როგორც უცხოური პრაქტიკა, ასევე, ჩვენს ხელთ არსებული კვლევები ადასტურებს, რომ სასკოლო გამოცდები სწავლის ხარისხს არ აუმჯობესებს.
სკოლის საატესტატო გამოცდები, არსებული ფორმით, უკვე რამდენი ათწლეულია „რეპეტიტორებთან” დამატებით მომზადების კულტურის ნაწილია და არ შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.
უმაღლეს სასწავლებელში მისაღები გამოცდების მაღალ დონეზე ჩაბარება ის მიზანია, რომელიც მოსწავლეს სკოლაში სწავლის პერიოდში უნდა ჰქონდეს დასახული. ამის უზრუნველსაყოფად, სკოლა შესაბამის განათლებას უნდა აძლევდეს მას და არ ტვირთავდეს მუდმივი საგამოცდო პროცესებით. ასეთია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და ნებისმიერი, ვინც დაგეგმილი ცვლილებების გაკრიტიკებას ცდილობს, კარგი იქნებოდა ჯერ სხვა ქვეყნების წარმატებულ საგანმანათლებლო სისტემებს გაცნობოდა“, – აცხადებს ნინო წილოსანი.
განათლების მინისტრის ბრძანებით, წელს საჯარო სკოლებში მე-11 კლასელებისათვის საატესტატო გამოცდები გაუქმდა, ხოლო მე-12 კლასელებისთვის გამოცდები არსებული ფორმატით ჩატარდება.
ამასთან, მათთვის ატესტატის გაცემის წესი არ შეიცვლება.
2020 წლიდან კი გამოსაშვები გამოცდები მე-12 კლასელებისთვისაც მოიხსნება.
ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.