მარიამ ჯაში: გამოცდებთან დაკავშირებით, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეუსაბამოდ მოხდა
საქართველოს პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ გამოცდებთან დაკავშირებით, საზოგადოების მიმართ საკითხის მიწოდება შესაბამისად არ მოხდა. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე წარმოდგენილი იყო ხედვა და არა გადაწყვეტილება.
როგორც მან განაცხადა, მისასალმებელია ის ფაქტი, რომ ზოგადი უნარები სავალდებულო ნუსხიდან ამოიღეს, რადგან სკოლები არ ამზადებენ მოსწავლეებს ამ გამოცდის ჩასაბარებლად.
„გუშინდელი პრეზენტაცია იყო ხედვა და არა გადაწყვეტილება. აღნიშნული საკითხები ზოგადი განათლების კანონში ცვლილებებს მოითხოვს, შესაბამისად, აუცილებლად გვექნება კომიტეტში განხილვები და დეტალურად გავივლით ყველა შემოთავაზებულ ცვლილებას. რამდენადაც მოლოდინი შეიქმნა აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია და მიწოდება საზოგადოებისადმი მოხდა შეუსაბამოდ, რადგან საუბარი იყო ხედვაზე და არა გადაწყვეტილებაზე. თუმცა, ჩვენ დე ფაქტო აღმოვჩნდით გარკვეული მოლოდინის წინაშე როგორც აბიტურიენტების, ასევე მათი მშობლების და პედაგოგების მხრიდან.
დღევანდელი გადმოსახედიდან, შემიძლია პოზიტიურად შევაფასო რამდენიმე გადაწყვეტილება. მათ შორის, ზოგადი უნარების საგნის სავალდებულო ნუსხიდან ამოღება და არა გაუქმება, რამდენადაც სკოლები არ ამზადებენ მოსწავლეებს ამ გამოცდის ჩასაბარებლად. შესაბამისად, წლების განმავლობაში გვქონდა პირობები, როდესაც აბიტურიენტები და მშობლები იძულებული იყვნენ, მიემართათ კერძო მასწავლებლებისთვის, რაც ზოგიერთი ოჯახისთვის შესაძლოა არ ყოფილიყო ფინანსურად ხელმისაწვდომი. ამ გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. ზოგადი უნარები რჩება არჩევით საგნებში და ნებისმიერ აბიტურიენტს შეუძლია გამოიყენოს”, – განაცხადა ჯაშმა.
მისივე თქმით, დადებითად შეიძლება შეფასდეს ისიც, რომ 5 საგნის ჩაბარების შემთხვევაში, თუ ერთ საგანში ჩაიჭრებოდა აბიტურიენტი, საგრანტო უფლება ეხსნებოდა.
„ცალსახად დადებითად ვაფასებ იმას, რომ 5 საგნის ჩაბარების შემთხვევაში, თუ ერთი საგნის ჩაბარება იქნებოდა წარუმატებელი, საგრანტო უფლება ეხსნებოდათ აბიტურიენტებს, ამ მიმართულებით გადაწყვეტილებას პოზიტიურად ვაფასებ. გარდა ამისა, როდესაც ვსაუბრობთ უნივერსიტეტებისთვის ავტონომიის გაზრდაზე, მე-4 გამოცდასთან და საგამოცდო ბარიერების დაწესებასთან დაკავშირებით, ერთის მხრივ, ავტონომიის გაზრდა არის დადებითი, თუმცა, შეიცავს რისკებს, რომ არ მოვახდინოთ განათლების ხარისხზე კომპრომისი. განათლების ხარისხი არის ყველაზე მთავარი ამოცანა ნებისმიერი რეფორმის განხორციელებისას”,- განაცხდა ჯაშმა.
შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართული პრეზენტაციის თანახმად, 2019 წელს მე-11 კლასის გამოსაშვები გამოცდები გაუქმდება, 2020 წელს კი მე-12 კლასისაც. ცვლილებები ერთიან ეროვნულ გამოცდებსაც ეხება.