დიმიტრი გვრიტიშვილი: ამ ფორმატის ყველა მონაწილე სუბიექტს ანა დოლიძემ შეურაცხყოფა მიაყენა
“ანა დოლიძემ შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, როცა თქვა, რომ თურმე მაფიოზური შეთანხმებით ჩამოყალიბდა აღნიშნული ფორმატი”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა.
გვრიტიშვილი თვლის, რომ ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიზანი დღევანდელი შეხვედრის ჩაშლაა.
“ჩემთვის ცხადი გახდა, რომ ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიზანი არის დღევანდელი შეხვედრის ჩაშლა. თუ ვთქვათ, მათ ეს ფორმატი არ მოსწონდათ, ეს ფორმატი შეგახსენებთ, რომ არსებობს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩემი აზრით, ამ ფორმატის ყველა მონაწილე სუბიექტს ანა დოლიძემ შეურაცხყოფა მიაყენა, მათ შორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, როცა თქვა, რომ თურმე მაფიოზური შეთანხმებით ჩამოყალიბდა აღნიშნული ფორმატი და მისი მონაწილეები განისაზღვრა შეთანხმებით. ამ ფორმატში თავიდანვე მონაწილეობდნენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. ასეთი სიტყვების სროლა ანა დოლიძეს სჩვევია. ანა დოლიძეს და ნაზიბროლა ჯანეზაშვილს შეუძლიათ, გამობრძანდნენ და შეუერთდნენ აქციას, რომელიც გარეთ მიმდინარეობს“, – განაცხადა დიმიტრი გვრიტიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შეხვედრა იმართება, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების დასახელების პროცედურასა და კრიტერიუმებზე მსჯელობენ.
იუსტიციის უმაღლესის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა, ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი თვლიან, რომ ფორმატი მთლიანად არალეგიტიმურია.
სასტუმროსთან, მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია გაიმართა.