ზურაბ დათუნაშვილი: გეგეშიძესთან არ ვითანამშრომლებ, ეს გამორიცხულია

ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძესთან მომავალში თანამშრომლობას აღარ აპირებს. მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ამის მიზეზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ფედერაციის პრეზიდენტი მოჭიდავეების შრომას თავის თავზე არ უნდა იბრალებდეს.
​როგორც დათუნაშვილმა განაცხადა, თუ საჭიროება იქნება მასაც შეუძლია თავისი მხარდამჭერების გამოყვანა.

„გეგეშიძესთან არ ვითანამშრომლებ, ეს გამორიცხულია. ამის მიზეზი ის პრობლემებია, რაც აქამდე იყო – არასწორი მმართველობა, სპორტული კუთხით ადამიანების დაბლოკვა, ვინც მას თვალში არ მოსდის. რაც შეეხება პრეზიდენტის განცხადებას, რომ პოსტიდან მისი წასვლით “ქვეყანა დაინგრევა”, მე მგონია, რომ ეს ადამიანი სხვა რეალობაში ცხოვრობს. ბიჭების შრომას რომ საკუთარ თავზე იბრალებს, ეს არ ვიცი, რას ნიშნავს.
​მე არ მომითხოვია არავის მხარდაჭერა. ამ ეტაპამდე ჯერ არ მივსულვარ. ეს ადამიანები ურეკავენ ძიუდოისტებს, რომ მოდით ხალხო და დაგვიდექითო და ასე აგროვებენ მხარდამჭერებს. მე კი ამ ეტაპამდე არ მივსულვარ. სიმართლემ უნდა იზეიმოს. თუ მივალთ მაგ ეტაპამდე, ჩემს მხარდამჭერებსაც დაინახავთ. მე არავინ დამკავშირებია ამ დღეების განმავლობაში. ფედერაციის სახელით მამაო გამომიგზავნეს, ის მეუბნებოდა, რომ “ზურაბ, ყველანაირად პრივილეგირებული იქნები, ყველა ტურნირზე წახვალ”. მე ვუთხარი, რომ ზუსტად ამ პრივილეგიაზე მაქვს პრეტენზია-მეთქი, რომ არ უნდა იყოს ფედერაციაში ასეთი პრივილეგიები. მან მითხრა, მოდი, გავჩუმდეთ, ხმა არ ამოვიღოთ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. მე ვუთხარი, რატომ უნდა იყოს ასე?! ჩემი სურვილი რა შუაშია, ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანად-მეთქი“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, ფედერაციაში განსხვავებული აზრის მქონე ადამიანი მტერი ჰგონიათ, ამიტომ მისივე თქმით ამ “მტერს” ჩაგრავენ.

„ასეთი დაპირისპირების შემთხვევა, მე მგონი, ისტორიაში პირველია, როდესაც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი რკინის ნივთს იყენებს სპორტსმენის მიმართ. ფედერაციაში მყოფ ადამიანებს მტერი ჰგონიათ ის ადამიანი, ვინც მათგან განსხვავებულ აზრს გამოთქვამს. ხდება ამ „მტრის“ ყველანაირად დაჩაგვრა. მე შემეძლო, რომ ფედერაციაში ვყოფილიყავი ხელშეუხებელი, მექნებოდა ყველაფერი, ვიჭიდავებდი, მაგრამ ასე არ მინდა“, – განაცხადა ზურა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი თამაზ (გეგა) გეგეშიძე, სპორტის სასახლეში მასსა და ევროპის ჩემპიონ ზურაბ დათუნაშვილს შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დააკავეს, რაც ძალადობას გულისხმობს.

თუმცა გუშინ გეგა გეგეშიძემ 5 000-ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულება დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები