არჩილ თალაკვაძე “ბუდაპეშტზე”: კახა კალაძემ ყველა ინტერესის გათვალისწინებით თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა ეს საკითხი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას “ჩრდილში” გაკეთებული საქმეები ცხოვრებამ “მზეზე” გამოიტანა. როგორც მან აღნიშნა, კახა კალაძის პრინციპული დამოკიდებულება ვაკის პარკში სასტუმრო “ბუდაპეშტის” არაშენებასთან დაკავშირებით, პასუხისმგებლიანი და პროფესიონალი ლიდერის პოზიცია იყო.
​თალაკვაძის თქმით, დედაქალაქის მერმა, შეძლო ის, რომ ყველა ინტერესის გათვალისწინებით, თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა ეს საკითხი.
„პირველ რიგში, მინდა გამოვეხმაურო ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერის და თბილისის მერის ბრიფინგს, ბატონი კახი კალაძის ბრიფინგს და მინდა, მივესალმო იმ გადაწყვეტილებას, რომელიც სწორედ მისი ძალისხმევით გახდა შესაძლებელი. მინდა გავიხსენო უკვე ორი დღის წინანდელი კომენტარი, რომელიც ყოფილმა მერმა, გიგი უგულავამ გააკეთა, მან თქვა, რომ გამოვიდეს ჩემი ჩრდილიდანო, როგორც ჩანს გიგი უგულავას ჩრდილში გაკეთებული საქმეები, საქმეები, რომელიც მან თავის ჩრდილში გააკეთა, ცხოვრებამ გამოიტანა მზეზე და ბევრი პრობლემები, რომელიც მის არქიტექტურულ მემკვიდრეობას წარმოადგენს, დღეს არის კახი კალაძის მოსაგვარებელი. მან ეს შეძლო და ეს რთული საკითხი, სადაც იკვეთებოდა ინვესტორის ინტერესები, საკუთრების უფლებრივი საკითხები, მწვანე გარემოს დაცვის თემა და ბიზნესსა და მერიას შორის ურთიერთობა წარმატებით მოაგვარა. აი ეს არის მაგალითი თუ როგორ შეიძლება პასუხისმგებლობის, პროფესიონალიზმის და ლიდერობის, ასე ვთქვათ, მაგალითი მისცეს მერმა საზოგადოებას. იცით, რომ იყო დიდი სკეპტიციზმი წინასწარ ამ საკითხის მიმართ, მაგრამ თბილისის მერმა კახი კალაძემ შეძლო ის, რომ ყველა ინტერესის გათვალისწინებით თბილისის სასარგებლოდ მოაგვარა ეს საკითხი, ამიტომ მე მინდა კიდევ ერთხელ ვუთხრა გიგი უგულავას, რომ დიახ ის საქმეები, რომელიც მან ჩრდილში გააკეთა გამოვიდა სააშკარაოზე, ეს საკითხები დღეს არის ჩვენი საზოგადოების და თბილისის მერის მოსაგვარებელი და თბილისის მერმა მოაგვარა ეს საკითხი ისე, როგორც თბილისს სჭირდებოდა და საზოგადოებას სჭირდებოდა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის მერმა, კახა კალაძემ სასტუმრო “ბუდაპეშტის” მფლობელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმრო აღარ აშენდება.
როგორც მან აღნიშნა, ინვესტორი მერიის წინადადებას დათანხმდა და ქალაქისთვის მნიშვნელოვან მწვანე სივრცეში აღარაფერი აშენდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები