ანრი ოხანაშვილი: ამორალურია ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მითუმეტეს, ქალაქის მერზე ბრალდებები

„ამორალურია ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მით უმეტეს ქალაქის მერზე ბრალდებები“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
დეპუტატმა დიდ დიღომში ტრაგედიის დროს გარდაცვლილ ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და თბილისის მერის დღევანდელ ბრიფინგს გამოეხმაურა:
„დიდ დიღომში მომხდარი ტრაგედიის შედეგად ოჯახებმა და მთელმა საზოგადოებამ დიდი დანაკარგი განიცადა.
ვუსამძიმრებ, კიდევ ერთხელ, გარდაცვლილთა ოჯახებს. ამორალურია ამ ტრაგედიის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება და მითუმეტეს ქალაქის მერზე ბრალდებები. გასულ წელს სწორედ ის იყო მშენებლობის სფეროში სტანდარტების გამკაცრების ინიციატორი, რასაც პარლამენტმა მხარი დაუჭირა. თბილისის მერს ჩვენი მხარდაჭერა ექნება ყველა იმ საკანონმდებლო რეფორმის განხორციელებაში, რომელიც მას დაგეგმილი აქვს სამშენებლო და უსაფრთხოების რეგულაციების კიდევ უფრო დახვეწისთვის, ვინაიდან ჩვენი საზოგადოების უსაფრთხოდ ცხოვრება ჩვენი მთავარი ამოცანაა“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ სიცრუეში დაადანაშაულა.
ამასთან, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამოჩნდნენ გარკვეული პირები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, ცდილობენ, საზოგადოებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ.
„გამოჩნდნენ გარკვეული პირები, დაჯგუფებები, რომლებიც არაკვალიფიციურობის გამო, თუ პოლიტიკური მოტივით, უფრო ორივე მგონია, ცდილობენ, ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას და ცდილობენ ამ ტრაგედიით პოლიტიკურ სპეკულაციას. აქვთ მცდელობა, მერიისა და პირადად ჩემი დისკრედიტაცია მოახდინონ. პირადად მე მაკავშირებენ აფეთქებასთან, აკავშირებენ მერიას და მერიის სამსახურებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები