გიგი უგულავა თბილისის მერად დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს
დედაქალაქის ყოფილი მერი გიგი უგულავა თბილისის მერად დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს. როგორც გიგი უგულავამ ბათუმში საკონსტიტუციო სასამართლოს განაჩენის გამოცხადების შემდეგ განაცხადა, ადვოკატები შუამდგომლობით შევლენ თბილისის საქალაქო სასამართლოში და იმედი აქვს, სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.
როგორც გიგი უგულავამ განმარტა, სამსახურში ორი კვირით აღდგენა თვითმიზანი არ არის, მაგრამ საუბარია პრინციპზე.
“ორი კვირით სამსახურში აღდგენა ჩემთვის თვითმიზანი არ არის. აქ არის პრინციპზე საუბარი. ის, რაც არ გეკუთვნის, ის რაც უკანონოა, უზნეოა, მთავრობამ არ უნდა ჩაიდინოს, ანდა ქვეყანაში უნდა არსებობდეს ის ინსტიტუტები, განსაკუთრებით სასამართლო, რომელიც ამ უზნეობის ჩადენას სასამართლოს არ შეარჩენს”, – აღნიშნა გიგი უგულავამ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დააკმაყოფილა. სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივი თვითმმართველობის საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით არჩეული პირების თანამდებობიდან გადაყენებას.