დავით სერგეენკო წითელას ვირუსზე: ის მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, უკიდურესად საყურადღებოა
ის მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, უკიდურესად საყურადღებოა – ამას ეწოდება ეპიდაფეთქება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ წითელას ვირუსთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სერგეენკოს თქმით, პრევენციის საშუალება, მხოლოდ აცრებია.
„ის მდგომარეობა, რაც ჩვენ გვაქვს დღეს, უკიდურესად საყურადღებოა – ამას ეწოდება ეპიდაფეთქება. გარანტირებული დაცვა, ასე ვთქვათ, ამ დაავადების გავრცელებისგან, არის ვაქცინაცია, რომელიც მისაწვდომია ყველასთვის. ახლა ჩვენ პრობლემა გვაქვს 20-დან 40 წლის ასაკის ადამიანებში, მათში, ვისაც 90-იან წლებში უნდა გაეკეთებინა გეგმიური ვაქცინაცია, მაგრამ ცნობილი მიზეზების გამო, დიდწილად ეს არ ხერხდებოდა. 2008 წლის მდგომარეობისთვის, ეს იყო ერთი მილიონი ადამიანი. იმ წელს ჩატარებული კამპანიის შედეგად, ნახევარი მილიონის ვაქცინაცია მოხერხდა, თუმცა მეორე ნახევრის ვერა და ამაში ნეგატიური წვლილი მაშინ გარკვეულმა მედიასაშუალებებმა შეიტანეს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.