ექსპერტი: ერთ აფეთქებას არ შეეძლო, ლიფტის ყველა კარი გამოენგრია, სავარაუდოდ, ლიფტის შახტაში მეორე აფეთქება მოხდა

ექსპერტის და „ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორის ყოფილი მოადგილის, სოსო სიმონიშვილის თქმით, დიდ დიღომში მდებარე კორპუსში, სავარაუდოდ, ორი აფეთქება მოხდა. როგორც სიმონიშვილმა დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიაზე საუბრისას მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, აფეთქება, სავარაუდოდ ერთ-ერთ ბინასა და ლიფტის შახტში მოხდა.
„რას შეიძლება გამოეწვია ეს უბედურება? ფაქტია, რომ აფეთქება დახურულ ბინაში მოხდა. არის მეორე ფაქტიც – ლიფტის ყველა კარი იყო გამონგრეული შენობის მთელს სიმაღლეზე. მეექვსე სართულზე მომხდარ ერთ აფეთქებას არ შეძლო, ლიფტის ყველა კარი გამოენგრია. სავარაუდოდ, მეორე აფეთქებაც უნდა მომხდარიყო ლიფტის შახტაში. მას არ აქვს ისეთი გეომეტრია, რომ მთლიანად გაივსოს გაზით, ბუნებრივი აირი მსუბუქია და ზემოთ მიისწრაფის. თუ იქ აფეთქება მაინც მოხდა, მაშინ, ჩვენ, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ გაზი დაგროვდა ბოლო სართულზე და იმის ზემოთ, სადაც დგას ლიფტის დანადგარები. ის იყო დახურული, იქ შეიძლება დაგროვდა გაზი. სავარაუდოდ, პირველი აფეთქება ბინაში მოხდა, მეორე კი ლიფტის შახტაში. საიდან მოხდა გაჟონვა – მთავარი ესაა. ბინაში მოხდა გაჟონვა, მაგრამ ლიფტის შახტაში რატომ დაგროვდა? ერთი წყაროდან ორივეგან ვერ დაგროვდებოდა. ერთდროულად ორ ადგილას პრობლემას ვერ გამორიცხავ, მაგრამ ლიფტის შახტაში გაზის მილი არ გადის, იქ საიდან მოხვდა გაზი? ამაზე პასუხია გასაცემი. ტერაქტიც არ უნდა გამოირიცხოს, ირონიით ვამბობ ამას, იმდენად გაუგებარია ეს ამბავი – მე-6 სართულზე, ბინაში მოხდა აფეთქება და პლუს, ლიფტის შახტაში. ძნელია, ეს ორი მოვლენა ერთმანეთს დაუკავშირო. აზრად მოგდის – იქნება საერთოდ გაზი არ იყო? მაგრამ რომ გამოიძახეს? იმიტომ, რომ სუნი იყო. ურთულესი საკითხია.
აუცილებლად დახურულ სივრცეში უნდა მოხდეს გაჟონვაც და დაგროვებაც. თუ სადმე გასასვლელს იპოვის, გაზი გაიპარება, არაფერი მოხდება, იმ ბინაში სარკმელი რომ ოდნავ შეღებული ყოფილიყო, იქ არაფერი მოხდებოდა“, – განაცხადა სიმონიშვილმა.
16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად, 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები