“შეუძლებელია, ამ აპარატს გაზის გაჟონვა ძალიან მაღალი სიზუსტით არ ეჩვენებინა” – ექსპერტი “ყაზტრანსგაზის“ განცხადებაზე

ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატი „GASURVEYOR 3-500“ თუ წესრიგში იყო, შეუძლებელია, გაზის გაჟონვა არ დაეფიქსირებინა, – ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისის” დირექტორის ყოფილმა მოადგილემ სოსო სიმონიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამარტულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
სიმონიშვილი „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალურ განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც კომპანიამ დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
„მე ეს აპარატი კარგად ვიცი, ძალიან კარგი აპარატია. თუ იქ გაზის გაჟონვა იყო, შეუძლებელია ამ აპარატს ეს არ ეჩვენებინა ძალიან მაღალი სიზუსტით, ოღონდ იმ შემთვეავში თუ აპარატი წესრიგში იყო, ტექნიკურად თუ გამართული იყო. მეორე საკითხია, ვინც ამ აპარატს მოიხმარდა ის თუ იყო შესაბამისი დონის სპეციალისტი? საგონებელში ვარ ჩავარდნილი, ვიცნობ ამ ადამიანებს, ჩემს დროს ვინც მუშაობდნენ, ისინი მაღალი კვალიფიკაციის თანამშრომლები იყვნენ. ეს აპარატურაც ბრწყინვალეა, არ მესმის როგორ შეიძლებოდა ვერ აღმოეჩინა, თუ გაჟონვა იყო. 10-12 წლის წინ შეძენილ აპარატს რა უნდა დამართნოდა, არ ვიცი. წესით, მუდმივად მომსახურება უნდა ეწეოდეს ამ აპარატურას“- განაცხადა სიმონიშვილმა.
შეგახსენებთ, კომპანიამ განცხადება ცოტა ხნის წინ გაავრცელა.
„საავარიო სამსახურის მხრიდან შეტყობინებებზე განხორციელდა შესაბამისი რეაგირება კვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტების მიერ. საავარიო სამსახურის ჯგუფი გამოცხადდა აღნიშნულ მისამართზე და ზემოხსენებული მოქალაქეების თანდასწრებით შეამოწმა შეტყობინებაში მითითებული ადგილები, ასევე, ლიფტის შახტი და კორპუსის მიმდებარედ არსებული ჭები. აღნიშნული ადგილები შემოწმდა ბუნებრივი გაზის კონცენტრაციის დამდგენი სპეციალური აპარატით „GASURVEYOR 3-500“-ით. დეტექტორმა გაზის გაჟონვა არ დააფიქსირა”- ნათქვამია “ყაზტრანსგაზის” განცხადებაში.
16 იანვარს, დიდ დიღომში, საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი გარდაიცვალა, აქედან ერთი მცირეწლოვანი ბავშვია.
თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები