გაათავისუფლებენ თუ არა დღეს ბაჩო ახალაიას?
ე.წ.ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე დაცვის მხარის შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბაჩო ახალაია დარბაზიდან გათავისუფლდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ახალაიას ადვოკატმა მალხაზ ველიჯანაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
ველიჯანაშვილის განცხადებით, დაცვის მხარე დღეს, წინასასამართლო სხდომის ფარგლებში, ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის თაობაზე შუამდგომლობას დააყენებს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმა ნინო აღლემაშვილმა. მისი განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს. ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულები არიან: ლევან ქარდავა და გიორგი მაზმიშვილი.