სამხედრო მოსამსახურეებს მსჯავრდებულებზე აკრძალული საგნის გადაცემის ფაქტზე ბრალი წარედგინათ
აკრძალული საგნის გადაცემის ფაქტზე სამხედრო მოსამსახურეებს ბრალი წარედგინათ. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 2014 წლის 14 მაისს, მოქალაქეებს გ.გ.-სა და ზ.ქ.-ს საქართველოს სსკ-ის 378-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის “გ” ქვეპუნქტით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პირისთვის წინასწარი შეთანხმებით პირთა ჯგუფის მიერ აკრძალული საგნის გადაცემის ფაქტზე ბრალი წარედგინათ.
გამოძიების თანახმად, ზ.ქ. და გ.გ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს #14-ე განყოფილებაში სამხედრო მოსამსახურეებად მსახურობდნენ.
“2013 წლის 30 სექტემბერს, #15-ე საგუშაგოზე განაწილებულ გ.გ.-სთან მსჯავრდებული მივიდა და დებულებით აკრძალული საგნის – ალკოჰოლური სასმელის დაწესებულების ტერიტორიაზე შეტანაში დახმარება სთხოვა. იმავე დღეს, უკვე თავისუფალ ცვლაში მყოფ გ.გ.-ს გამოძიებით დაუდგენელმა პირმა #14-ე დაწესებულებასთან არყით სავსე ორლიტრიანი პოლიეთილენის ბოთლი მსჯავრდებულისთვის, 1-ლიტრიანი კი საჩუქრად გადასცა.
გ.გ.-მ ალკოჰოლური სასმელი საგუშაგოზე მყოფ ზ.ქ.-ს მიაწოდა, რომელმაც ბოთლი დაწესებულების შიგნით ტერიტორიაზე მყოფ მსჯავრდებულს გადაუგდო”,- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
აღნიშნული მუხლით ჩადენილი დანაშაული სასჯელის სახით 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.