ირაკლი ღარიბაშვილი: მივესალმებით ევროკავშირის განზრახვას, გაუზარდოს საქართველოს ფინანსური დახმარება
დღეს ჩვენ მოვიწონეთ და მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, როგორც 2014-2016 წლების პერიოდის ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების მთელი კომპლექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ჟოზე მანუელ ბაროზოსთნ შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველო აფასებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას და მის განუხრელ ვალდებულებას, გააძლიეროს და გააღრმავოს თანამშრომლობა.
„მინდა, მადლობა მოვახსენო პრეზიდენტ ბაროზოსა და მის კოლეგებს ევროკომისიაში თბილი მიღებისა და ძალზე ნაყოფიერი შეხვედრისათვის. დღევანდელი აღმასრულებელი ხელისუფლების ლიდერთა უპრეცედენტო შეხვედრა წარმოადგენდა ჩვენი გამორჩეული ურთიერთობის კიდევ ერთ ნიშანს. ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას და მის განუხრელ ვალდებულებას, გააძლიეროს და გააღრმავოს ჩვენი თანამშრომლობა ყველა სფეროში. მომდევნო თვეში, 27 ივნისს ჩვენ ხელს მოვაწერთ ასოცირების ხელშეკრულებას ევროკავშირ-საქართველოს შორის. ეს ხელშეკრულება ჩვენს ურთიერთობას თვისობრივად ახალ დონეზე გადაიყვანს. მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის საქართველოს ევროპეიზაციის გენერალური გეგმა, რომელიც უამრავ შესაძლებლობებსა და უპირატესობას მოუტანს საქართველოს.
დღეს ჩვენ მოვიწონეთ და მივიღეთ ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგი, როგორც 2014-2016 წლების პერიოდის ერთობლივად შეთანხმებული პრიორიტეტების მთელი კომპლექტი, რომელიც დაეხმარება საქართველოს ასოცირების ხელშეკრულებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) წარმატებული განხორციელების მომზადებაში. როგორც ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა, ბატონმა რომპეიმ განაცხადა გასულ კვირას თბილისში, ასოცირების ხელშეკრულება არ წარმოადგენს ჩვენი თანამშრომლობის საბოლოო მიზანს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის პრეზიდენტთან დღევანდელი მოლაპარაკებების დროს კომისიას რეფორმების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა, ამ პროცესში მიღწეული წინსვლა და ის პრობლემები გააცნო, რომელსაც საქართველო წააწყდა.
„დღევანდელი მოლაპარაკებების დროს ჩვენ განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრი. მე მოვახსენე პრეზიდენტ ბაროზოს, რომ ჩემი მთავრობა კვლავაც მტკიცედ რჩება ერთგული დემოკრატიის კიდევ უფრო გაძლიერებისა, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის, მათ შორის სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის პრინციპების მიმართ.
ჩვენმა გუნდმა გააცნო კომისიას როგორც რეფორმების პროგრამის განხორციელების მიმდინარეობა და ამ პროცესში მიღწეული წინსვლა, ასევე ის პრობლემები, რომელსაც ჩვენ ვაწყდებით. ჩვენ ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრმოლობის გაზრდის მნიშვნელობას და ყურადღება გავამახვილეთ ისეთ პრიპრიტეტულ სფეროებზე, როგორსაც წარმოადგენს: ენერგოუსაფრთხოება, ტრანსპორტი, სოფლის მეურნეობა, განათლება და სამეცნირო კვლევა.
ასევე ავღნიშნეთ ენერგეტიკული საკითხების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის აუცილებლობა, განსაკუთრებით კი სამხრეთის გაზის დერეფნისა და იმ სხვა ენერგორესურსების სატრანზიტო ინფრასტრუქტურების მნიშვნელობა, რომლებიც უშუალოდ აკავშირებენ კასპიის რეგიონს ევროკავშირთან. აღსანიშნავი წინსვლა იქნა მიღწეული საქარათველოს ენერგეტიკულ თანამეგობრობაში გაწევრიანების მოლაპარაკებების პირველ რაუნდში და ჩვენ ამ პროცესის უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულების იმედს გამოვთქვამთ“, – განაცხადა პრემირ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება ევროკავშირის განზრახვას, გაუზარდოს საქართველოს ფინანსური დახმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის „მეტი მეტისათვის“ პრინციპის შესაბამისად. „დღეს ჩვენ ასევე ვაღიარეთ ადამიანთა შორის კონტაქტების ზრდის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც ჩვენს მოქალაქეებს კიდევ უფრო დააახლოვებს ერთმანეთთან. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით, რომ უვიზო რეჟიმის განხორციელების სწრაფი წინსვლა წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს მიმართულებას. ბოლო ხანებში საქართველომ სტაბილური პროგრესის დემონსტრირება მოახდინა ვიზების ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების თვალსაზრისით და ის მოწოდებულია უახლოეს თვეებში დაასრულოს ამ პროცესისათვის აუცილებელი რეფორმები.
ჩვენ მივესალმებით ევროკავშირის განზრახვას, გაუზარდოს საქართველოს ფინანსური დახმარება აღმოსავლეთ პარტნიორობის „მეტი მეტისათვის“ პრინციპის შესაბამისად. ჩვენ ასევე განვიხილეთ უსაფრთხოების თვალსაზრისით მეტად შემაშფოთებელი ვითარება უკრაინაში და შევთანხმდით, რომ მომავალი არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობის მოვლენა იქნება ქვეყანაში სტაბილურობისა და ერთიანობის აღდგენის ძალისხმევის კუთხით. ჩვენ დიდად ვაფასებთ ევროკავშირის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და იმ როლს, რომელსაც ევროკავშირი ასრულებს ამ პროცესში მისი პოლიტიკური განცხადებების, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოქმედების, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ევროკავშირის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილების გზით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველო საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს სერიოზულად ეკიდება და მთავრობა ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფისთვისაა მოწოდებული.
„საქართველო ასევე სერიოზულად ეკიდება საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს. ავღანეთის მისიაში ჩვენს მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გარდა, ჩვენ გვსურს დავეხმაროთ ევროკავშირს კონფლიქტების პრევენციის მისიებში ევროპის საზღვრებს მიღმა. ამრიგად, ჩვენ გადავწყვიტეთ, მონაწილეობა მივიღოთ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში. რომ დავაჯამოთ ყოველივე ზემოთქმული, ჩვენ მოწოდებულნი ვართ ასოცირების ხელშეკრულების წარმატებული განხორციელების უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროკავშირთან საერთო მომავლის მშენებლობისათვის.
პრეზიდენტო ბაროზო – დიდი მადლობა დღევანდელი ძალზე ნაყოფიერი განხილვისათვის. მოუთმენლად ველით თქვენს თბილისში ჩამობრძანებას მომდევნო თვეში ევროკავშირისა და საქართველოს საინვესტიციო კონფერენციაზე დასასწრებად“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.