უგულავასა და კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 18 ივნისს განახლდება
რიყის ტერიტორიისა და “იმედის” გასხვისების საქმეზე გიგი უგულავასა და დავით კეზერაშვილის სასამართლო პროცესი 18 ივნისს განახლდება. ჯერჯერობით კვლავ უცნობი რჩება, როდის დაიკითხება საქმის მთავარი მოწმე ჯოზეფ ქეი. პროკურორ კახაბერ მურადაშვილის განცხადებით, ბრალდების მხარეს ჯერ კიდევ ბევრი მოწმე ჰყავს დასაკითხი, მათ შორის აუცილებლად დაიკითხება ჯოზეფ ქეი. მისივე თქმით, პროცესის 18 ივნისის გადადება მოსამართლის ინიციატივით მოხდა და გადაწყვეტილება გიგი უგულავას შუამდგომლობას არ ეფუძნება.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლოს ჩვენება ბრალდების მხარის ერთმა მოწმემ შპს “ახალი რიყის” წარმომადგენელმა თინათინ იაშვილმა მისცა. პროკურორის განცხადებით, მოწმემ ერთგვარად დაადასტურა, რომ რიყის ტერიტორიის გასხვისების საქმეზე ხელშეკრულების გაფორმება ფიქტიურ ხასიათს ატარებდა.