საბაჟო ზონებში სანებართვო საქმიანობის კონტროლს შემოსავლების სამსახური განახორციელებს
საბაჟო კონტროლის ზონებში საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ტვირთის გადაზიდვის სანებართვო მოწმობების და თანმხლები დოკუმენტაციის კონტროლს შემოსავლების სამსახური განახორციელებს. ცვლილებები ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონში ხორციელდება. საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში განსახილველად უკვე წარდგენილია. “საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ” კანონის მიხედვით, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში ნებართვა შემდეგი სახის საქმიანობაზე გაიცემა: ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანა; საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო სამგზავრო გადაყვანა; საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა; საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით), რომელიც უცხო ქვეყნის გადამზიდველის მიერ ხორციელდება. ამ დრომდე ზემოაღნიშნულ საქმიანობებზე სანებართვო საქმიანობის კონტროლს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია ანხორციელებს. სანებართვო საქმიანობის კონტროლის განხორციელება ხდება მათ შორის საბაჟო კონტროლოს ზონებში, სადაც საქონლის შემოტანა-გატანასთან დაკავშირებულ მოთხოვნათა დაცვის კონტროლს შემოსავლების სამსახურის თამშრომლები უზრუნველყოფენ, ხოლო სანებართვო საქმიანობის უზრუნველყოფისათვის საჭირო პროცედურებს პირი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებთან გადის. “სასაზღვრო პროცედურების ერთი ფანჯრის პრინციპის დაცვით განხორციელებისთვის, რაც თავის მხრივ იქნება პროცესის გამარტივება როგორც ადმინისტრირების თვალსაზრისით, ასევე თავად პირებისათვის, მიზანშეწონილია, მათ შორის სანებართვო საქმიანობის კონტროლი საბაჟო კონტროლის ზონებში განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის მიერ”, – განმარტავს ფინანსთა სამინისტრო.