არავითარ იძულებას და შანტაჟს ჩემს სახლში ადგილი არა აქვს- “ქართული ოცნების” თელაველი მხარდამჭერი(ვიდეო)
“ქართული ოცნების” მხარდამჭერი, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში გასულ ინფორმაციას, თითქოს მის სახლში “ქართული ოცნების” მხარდამჭერები იკრიბებიან და ხალხს აშანტაჟებენ, სრულ აბსურდს უწოდებს.
„ ეს ჩემი საოჯახო სასტუმროა, ჩემი სახლი, გუშინ მოვედი,გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და პროდუქტები გადმოვიტანე, დილით ვუყურებ ანონსს და გადაცემა მიდის, სადაც მე მანქანიდან გადმოვდივარ და ვითომ აქ კრიმინალები იკრიბებიან- არაფერი აქ მსგავსი არ ხდება“ – აცხადებს კვირასთან საოჯახო სასტუმრო „ზუზუმბო“-ს მესაკუთრე.
მისი თქმით, ის “ქართული ოცნების” მხარდამჭერია და მის სახლში ხშირად იკრიბებიან მისი მეგობრები და პოლიტიკურ თანამოაზრები.
როგორც იგი აღნიშნავს, მეგობრებს მის სახლში სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი შტაბი აქვთ გახსნილი.
„მეგობრის სახლში თელაველი, წესიერი ხალხი ვიკრიბებით და კონსტიტუციის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ “ნაციონალური მოძრაობა” აღარ დაბრუნდეს ხელისუფლებაში, ეს სახლი ყველასთვის ღიაა“ -აცხადებს “კვირასთან” თელაველი დავით ჯორჯაძე, რომელიც სასტუმრო „ზუზუმბო“-ს მესაკუთრის ახლო მეგობარია.
“კვირასთან” საუბარში “ქართული ოცნების” წევრებმა და აქტივისტებმა განაცხადეს, რომ არავითარ იძულებას და პოლიტიკურ სპეკულაციებს ადგილი არა აქვს.
“ერთ -ერთ სატელევიზიო გადაცემაში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს აქ ვცემთ და ვაშანტაჟებთ ვინმეს. მოვიდნენ გვაჩვენონ ერთი ფაქტი ვის ვაიძულებთ, აქ ყველა მეგობრები ვართ და სიყვარულით ვიკრიბებით.
შტაბი წარმოადგენს სივრცეს, სადაც პარტიის წევრები იკრიბებიან და განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს, ისე, როგორც ყველა დანარჩენი პარტიები და მუშაობის პროცესი არის აბსოლუტურად გამჭვირვალე,-აცხადებენ “კვირასთან” სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერები.