„რუსეთის ამჟამინდელ მოქმედებას ცალსახად აქვს გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე“

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას საქართველოს უსაფრთხოებასა და ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიმართულებებზეც ისაუბრა. როგორც პრემიერმა განაცხადა, როდესაც რუსეთმა განახორციელა ყირიმის ანექსია, უმრავლესობამ დაგმო ეს მოქმედება, როგორც „ცივი ომის“ შემდგომ ევროპაში დამყარებული წესრიგი უსაფრთხოების კუთხით. ზოგიერთს კი გადაავიწყდა, რომ 2008 წელს რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის მეხუთედის ოკუპაცია. პრემიერის თქმით, რუსეთის ამჟამინდელ მოქმედებას ცალსახად აქვს გავლენა საქართველოს უსაფრთხოებაზე.
“საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ ჩვენ კვლავაც ვცდილობთ უთანხმოების მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ურთიერთობების ნორმალიზაციას. ჩვენ დავდეთ ძალის არგამოყენების პირობა დეოკუპაციის გზების მოძიების პროცესში და წარმოვადგენთ კონსტრუქციულ მხარეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. გარდა ამისა, საქართველო ახორციელებს პრაგმატულ თანამშრომლობას რუსეთთან, რომლის შედეგადაც განახლდა ვაჭრობა, შემოღებულია უვიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეთათვის. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ჩვენს მოლაპარაკებებში რუსეთთან შეიმჩნევა მოკრძალებული შედეგები, მაგალითად, რუსეთის ბაზრის გახსნა ქართული პროდუქციისათვის, სატრანსპორტო კავშირების გაუმჯობესება და წინსვლა მოქალაქეთა შორის და კულტურული კონტაქტების მხრივ.
მეორე მხრივ, მიუხედავად ჩემი მთავრობის პროგრესული და მშვიდობიანი მცდელობებისა, მოსკოვი განაგრძობს თავის პროვოკაციულ ქმედებებს, საოკუპაციო ხაზის გაყოლებაზე მავთულხლართის ინსტალაციის ჩათვლით. ჩვენ მოველით რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის გამძაფრების მცდელობებს, რადგანაც რუსეთი უარს აცხადებს შეუერთდეს საქართველოს მიერ დადებულ პირობას ძალის არგამოყენებასთან დაკავშირებით, რითაც არღვევს ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვარწმუნებთ ევროკავშირს, რომ საქართველო არ შედრკება ამ ზეწოლის ქვეშ. რასაკვირველია, ჩვენ შეშფოთებულნი ვართ უკრაინაში არსებული მდგომარეობის გამო. ყირიმის უკანონო ანექსირებას მოჰყვა დესტაბილიზაციაზე გამიზნული კამპანია აღმოსვლეთ უკრაინაში. ჩვენ ვთვლით, რომ უკრაინელ ხალხს თავად უნდა ჰქონდეს საკუთარი მომავლის განსაზღვრის უფლება, ხოლო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა ყველასთვის სავალდებულოა. საქართველო სრულ მხარდაჭერას უცხადებს ამ კრიზისიდან გამოსვლის მშვიდობიანი გზების მოძიებაზე მიმართულ ძალისხმევას.
საქართვლოს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვს რეგიონის სხვა ქვეყნებთან, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და ირანის ჩათვლით. კავკასიის რეგიონში ჩვენი მიზანია რეგიონული ინტეგრაციის ხელშეწყობა და საქართველოს ჩამოყალიბება რეგიონული ქსელებისა და ინიციატივების ცენტრად. საერთაშორისო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით საქართველოს მიდგომის ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს კვლავაც წარმოადგენს ჩვენი ურთიერთობები ევროპულ და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი აზრით, ევროკავშირში გაწევრიანება არის საქართველოს უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი გრძელვადიანი გარანტია. ხოლო რაც შეხება რეგიონის უსაფრთხოების მოკლევადიან და შუალედურ გარანტიებს, უკიდურესად მნიშვნელოვანია ნატოს როლი და საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები