გიორგი აბდალაძე: გრიგოლ ვაშაძე იმ ადამიანების შეწყალებას აპირებს, ვინც ჩვენ ციხეში გვაწამა
გრიგოლ ვაშაძე იმ ადამიანების შეწყალებას აპირებს, ვინც ჩვენ გვაწამა ციხეში, ვინც ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა, ვინც გვაიძულა ის სისულელე გვეღიარებინა, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი აბდალაძის თქმით, რომ არა ჟურნალისტების პროტესტი და საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა, დაპატიმრებულ ფოტორეპორტიორებს ციხეში დახოცავდნენ.
„ციხეშიც და სასამართლოს მსვლელობისასაც დამტკიცდა, რომ 26 მაისის ფოტოების გამო დაგვიჭირეს და დაგვსაჯეს. იმიტომ, რომ 26 მაისის ფოტოები მსოფლიოს წამყვან გაზეთებში გამოქვეყნდა და საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.
მათი მეთოდი ისევ ისეთია, ყოველთვის იქნებიან წაგებული, იმიტომ რომ სანამ ისინი სიმართლეს არ აღიარებენ და არ იტყვიან იმას, რომ დანაშაული აქვთ ჩადენილი ჩვენთან მიმართებაში და უამრავ სხვა ადამიანებთან მიმართებაში ყოველ არჩევნებზე მიიღებენ შედეგს.
ის რუსი „პიარშიკები” რომ ჰყავთ ის აბარებს ახლა გიგის, ვაშაძეს და ვიღაცებს, შკლიაროვი ხელმძღვანელობს დღეს მთელ მათ გუნდს, ჯერ სირცხვილია, რომ რუსი „პიარშიკების” კარნახით მოქმედებენ.
28 რიცხვის შემდეგ სიტუაცია შეიცვლება, იმიტომ რომ ყველა ადამიანი ვინც განაწყენებულია „ოცნებაზე“, შეიძლება არ მოსწონდეს სალომე ზურაბიშვილის რაღაცა განცხადებები, მაგრამ ყველა მიდის არჩევნებზე და ერთ რამეს აძლევს ხმას – „არა „ნაციონალ მოძრაობას“ .
ვაშაძე აპირებს შეწყალებას იმ ადამიანების, ვინც ჩვენ გვაწამა ციხეში, ვინც ჩვენ მოგვაყენა შეურაცხყოფა, ვინც გვაიძულა ის სისულელე გვეღიარებინა. საერთაშორისო მედიის მხარდაჭერა, მედიის, ჟურნალისტების პროტესტი რომ არა დაგვხოცავდნენ იქ, როგორც არაფერი. „ქილერას“, თვითონ ციხის უფროსს პირადად ჩემთვის აქვს ნათქვამი, ციხიდან ცოცხალი ვერცერთი ვერ გავიდოდით და იქვე მითხრა, 26 მაისს თქვენ რომ არ წასულიყავით გადაღებაზე, არცერთი აქ არ იქნებოდითო.
განაჩენი არის გამამართლებელი, ჩვენ ამ დღეს ველოდით. სამართლიანი გადაწყვეტილებაც არის, იმიტომ რომ სხვანაირად არ შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ გამოძიება კიდევ მიმდინარეობს. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იყო დასჯილიყვნენ დამკვეთები, თორემ დოქსოპულოები წინა ხელისუფლებას ძალიან ბევრი ჰყავდა, ვინც შეასრულებდა მსგავს უკანონო ბრძანებებს, მაგრამ ხელისუფლებაში ისინი ვერასდროს ვეღარ დაბრუნდებიან”, – განაცხადა აბდალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები – გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები უდანაშაულოდ ცნო.
ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა მოითხოვა.
სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.
ამასთან, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები იმიტომ დააკავეს, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.
თამუნა შეყილაძე