“გუშინ სახელმწიფომ მოგვიხადა ბოდიში იმის გამო, რომ წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული”
გუშინ სახელმწიფომ მოგვიხადა ბოდიში იმის გამო, რომ წინა ხელისუფლებამ ჩაიდინა დანაშაული, – ამის შესახებ ფოტორეპორტიორმა გიორგი აბდალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
გიორგი აბდალაძემ ფოტოგრაფების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გუშინ გამოტანილ გამამართლებელ განაჩენთან დაკავშირებით ისაუბრა.
„2011 წლის დაპატიმრების დღიდან ამ დღეს ველოდებოდი , გუშინ რომელიც დადგა.
ძალიან გამიხარდა ქალბატონი სალომეს მოსვლა . მოულოდნელი იყო ჩვენთვის პრეზიდენტობის კანდიდატის სასამართლოზე მოსვლა, მოვიდა და სოლიდარობა გამოგვიცხადა. მან მარტო ჩვენ კი არ გამოგიცხადა სოლიდარობა, მან სოლიდარობა გამოუცხადა ყველა უკანონოდ დაპატიმრებულ, ნაწამებ ადამიანს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა , ვინც ჩვენსავით თავის დროზე აპროტესტებდა , ცდილობდა რომ წინა რეჟიმი შეცვლილიყო, ყველა მივა არჩევნებზე და სათანადო პასუხს გასცემს „ნაციონალურ მოძრაობას”- განაცხადა აბდალაძემ.
შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გუშინ, ე.წ. ფოტორეპორტიორების საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა და წარსულში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირები – გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები უდანაშაულოდ ცნო.
ფოტოგრაფები 2011 წელს ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქმეზე ხელახალი გამოძიება ჩატარდა, დაიკითხნენ მოწმეები და დადასტურდა, რომ 2011 წელს ფოტორეპორტიორები გიორგი აბდალაძე, ზურაბ ქურციკიძე, ირაკლი და ნათია გედენიძეები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს. ამის საფუძველზე, მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოში ფოტოგრაფების მიმართ შვიდი წლის წინ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის შეცვლა მოითხოვა.
სწორედ ახალი გამოძიების საფუძველზე, ფოტოგრაფების დაკავების საქმეში სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე კონტრდაზვერვის ყოფილი უფროსის ყოფილი მოადგილე დავით დევნოზაშვილია მსჯავრდებული. ასევე, დაუსწრებლად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების ყოფილ დირექტორს ალექსანდრე მუხაძეს.
ამასთან, როგორც პროკურატურაში აცხადებენ, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს ფოტორეპორტიორები დააკავეს იმიტომ, რომ მათ 2011 წლის 26 მაისის აქციის დარბევის ამსახველი ფოტოები გადაიღეს.
თამუნა შეყილაძე