მდინარაძე მელიას “ამორალურ” განცხადებას პასუხობს-“ონის ინციდენტში მონაწილეებს “ოცნებასთან” კავშირი არ აქვთ”

„კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ “ქართულ ოცნებასთან“. ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები“,- ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
საქმე ეხება ონში მომხდარ დაჭრის ფაქტს, როდესაც მოქალაქე კახა ისაკაძემ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ქალაქ ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნოდარ ბურდილაძე დაჭრა.
„მინდა გამოვეხმაურო ნიკა მელიას დღევანდელ, ყოვლად ამორალურ განცხადებას. თუ წარსულში „ნაცმოძრაობის“ სავიზიტო ბარათი იყო დიქტატურა, სისასტიკე, ბოროტება, უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს მათი სავიზიტო ბარათი გახდა ტყუილი. ბოლო დროს გავრცელებული ყველა ინფორმაციის ლაიტმოტივი არის ტყუილი და ისინი ყველა კომპონენტს თავის კამპანიაში ტყუილზე აგებენ.
წუხელ მოხდა შემთხვევა, რომლის დროსაც სხეულის დაზიანება მიიღო მათი შტაბის წარმომადგენელმა, რომელიც ცხოვრობს ონში. მე მინდა, სანამ ნიკა მელიას ტყუილებზე გადავალ, ჯანმრთელობა ვუსურვო ნოდარ ბურდილაძეს. გვაქვს ინფორმაცია, რომ მას უტარდება ყველა სამედიცინო მომსახურება იმისათვის, რომ ის გამოჯანმრთელდეს რაც შეიძლება მალე და დღეს „ნაცმოძრაობის“ ლიდერმა იცრუა, როცა თქვა რომ კახა ისაკაძე, რომელიც დაკავებული და მხილებულია დანაშაულის ჩადენაში ნოდარ ბურდილაძის მიმართ, არის თითქოს ჩვენი პარტიის წევრი თუ აქტივისტი.
მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ კახა ისაკაძეს და არც მის თანმხლებ გია მეტრეველს, არასდროს არანაირი შეხება არ ჰქონიათ ,,ქართულ ოცნებასთან“. ისინი არ ყოფილან არც პარტიის წევრები და არც მისი აქტივისტები.
აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ დასტურდება რომ ნებისმიერ შემთხვევას, ეს იქნება კრიმინალური შემთხვევა თუ რაიმე სხვა ფაქტი, ყოვლად ამორალურად, ნიკა მელია თუ „ნაციონალური მოძრაობის“ ნებისმიერი ლიდერი, იყენებს იმისათვის, რომ ოღონდ „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას დააბრალონ რამენაირად ასეთი ფაქტები.
ამიტომ, მოვუწოდებ მათ, თავი შეიკავონ მსგავსი ამორალური განცხადებებისგან, რადგან ყველამ ვიცით, რომ ტყუილს აქვს მოკლე ფეხები. ერთადერთი, რაც მან თქვა მართალი არის ის, რომ მთავარია ეს ადამიანი იყოს კარგად, გადარჩეს, ექიმები იბრძვიან მისი გადარჩენისთვის და იმედია მალე გამოჯანმრთელდება. დანარჩენი მის ნათქვამში იყო აბსოლუტური სიცრუე“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები