ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს საქართველოში აღარ არსებობს შერჩევითი სამართალი

ჩემი აზრით, ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის დემოკრატიული რეფორმების ერთგულება – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბელგიაში, ჰარვარდის კლუბში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები აღნიშნულ რეფორმებს ერთხმად აღიარებენ. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საკონსტიტუციო ცვლილებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიღებული ცვლილებებით ქვეყანაში საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის უფრო სამართლიანი სისტემაა უზრუნველყოფილია.
“ჩემი აზრით, ჩემი ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა არის დემოკრატიული რეფორმების ერთგულება. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ერთხმად აღიარებენ ამ რეფორმების წარმატებას. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო საკვანძო ეტაპი, რომელიც საყოველთაოდ აღიარეს, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. ვიმედოვნებთ, რომ მსგავს წარმატებას მივაღწევთ 15 ივნისის ადგილობრივ არჩევნებშიც. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციაში იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რომელთა ძალითაც დღეს უზრუნველყოფილია საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ბალანსის უფრო სამართლიანი სისტემა.
ჩვენი მიზანია ძლიერი საპარლამენტო დემოკრატიის აშენება და დამოუკიდებელ სახელმწიფო უწყებათა შორის ძალაუფლებისა და ვალდებულებების გამიჯვნა და დაბალანსება, ასევე უფლებამოსილების გამოყენება ხალხთან უშუალო კავშირში. ჩვენ გავაძლიერეთ მთავრობის საქმიანობის საპარლამენტო კონტროლი და განვახორციელეთ ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და მისი განაწილება რეგიონულ და ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანებს შორის. გარდა ამისა, ჩვენ გავატარეთ რეფორმები მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. დაუსჯელობის პრაქტიკის დასრულება და კანონის უზენაესობის პრინციპის გატარება იყო ქართველი ხალხისა და საერთაშორისო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 2012 წლის არჩევნების მოლოდინში. მიუხედავად იმისა, რომ რეფორმები და შესაძლებლობებისა და უნარების გაუმჯობესება დღესაც გრძელდება, უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები.
დღეს საქართველოში აღარ არსებობს შერჩევითი სამართალი. ამავე დროს, ვერავინ დადგება კანონზე მაღლა. ჩვენ ასევე შევთანხმდით ადამიანის უფლებათა ახალ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე, რომლის მიზანიცაა ქვეყნის სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზის, ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის კულტურისა და პრაქტიკის, ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა. ეს გეგმა ეხება სამართალდამცავ ორგანოებს, მართლმსაჯულებისა და სასჯელაღსრულების სისტემებს, შრომის ბაზარს, სოციალურ მომსახურებასა და ცენტრალურ და ადგილობრივ სამთავრობო სტრუქტურებს. პროგრესი შეფასდება და კონკრეტულ თანამდებობის პირებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა განხორციელებაზე.
სულ რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მივიღეთ კანონი, რომელიც კრძალავს დისკრიმინაციის ყველა ფორმას და ითვალისწინებს პრევენციულ ზომებს ამ მხრივ. წინ ბევრი მუშაობა გველის, მაგრამ გამოვთქვამ იმედს, რომ მალე შევუერთდებით ბელგიას ადამიანის უფლებათა დაცვის მსოფლიო რეიტინგების თავში“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები