„სახელმწიფო სისტემაში პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს დღემდე ყველაზე დაბალი ხელფასები აქვთ“
სახელმწიფო დაწესებულებებს შორის პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს ყველაზე დაბალი ხელფასები აქვთ, – ამის შესახებ თინა ხიდაშელმა განაცხადა. მისი თქმით, პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის ხელფასის მომატება დამსახურებულია.
“პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს აქვთ ყველაზე დაბალი ხელფასი, რაც კი სახელმწიფო დაწესებულებებში არსებობს. ამასობაში სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიშ გარემოში სწორედ პარლამენტის თანამშრომლები მუშაობენ, თბილისი-ქუთაისის გზაზე ცხოვრობენ. ვფიქრობ, ძალიან დაუმსახურებელია, რომ პარლამენტის აპარატის თანამშრომელს დღემდე ყველაზე დაბალი ხელფასი აქვთ სახელმწიფო სისტემაში და დამსახურებულია მათთვის ხელფასების მომატება”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
დეპუტატის განმარტებით, ავტოპარკინგის განახლებისას ავტოპარკინგის სრულად შეცვლაზე საუბარი არ არის.
“ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისი-ქუთაისის გზაზე ძალიან ბევრი ავარია მოხდა. რამდენიმე შემთხვევა იყო, როცა პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა მძიმე დაზიანებები მიიღეს. ავტოპარკი უნდა განახლდეს, მაგრამ საუბარი არ არის სრულად შეცვლაზე”, – განაცხადა ხიდაშელმა.
2015 წლისთვის პარლამენტის ბიუჯეტი იზრდება. საბიუჯეტო ნამატი 2 604 000 ლარის ფარგლებში განისაზღვრა. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული თანხით პარლამენტის აპარატის ხელფასების გაზრდა და ავტოპარკის შეცვლაა დაგეგმილი.