ოპოზიციური პარტიები – სატელევიზიო რეკლამა დისკრიმინაციულად ნაწილდება
არათანაბარ საარჩევნო გარემოზე საუბრობს 13 პოლიტიკური პარტია. არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების ნაწილის აზრით, სატელევიზიო რეკლამა დისკრიმინაციულად, არასამართლიანი პირობებით ნაწილდება. ერთობლივ განცხადებაში ავტორები სატელევიზიო საარჩევნო რეკლამების განაწილების არსებულ წესს პოლიტიკურ დისკრიმინაციად მიიჩნევენ. პოლიტიკური სუბიექტები, უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების მიზნით, არჩევნებში მონაწილეებს შორის დროის პარიტეტულად განაწილებას ითხოვენ. ოპოზიციური პარტიების განცხადებას „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
“საქართველოს კონსტიტუციის მე-14 და 26-ე მუხლებით საქართველოში გამოცხადებულია ყველა მოქალაქისა და ყველა პოლიტიკური გაერთიანების თანასწორობა და იკრძალება რაიმე სახის დისკრიმინაციური მიდგომის გამოვლინება. მიუხედავად ასეთი ფუძემდებლური იმპერატივისა, კონსტიტუციურ მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ კანონდება პოლიტიკურ პარტიათა შორის დისკრიმინაციული და არათანაბარი სამართლებრივი მდგომარეობა, კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 12-12 მლნ. ლარის უფასო საარჩევნო რეკლამით მხოლოდ 3 სუბიექტი – “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა” – სარგებლობს, რაც უკვე წარმოადგენს დისკრიმინაციას დანარჩენი პოლიტიკური სუბიექტების მიმართ.
გარდა ამისა, “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებულია საარჩევნო რეკლამის ხარჯების დასაფარად დამატებითი ფინანსების გამოყოფა იმ პარტიებისთვის, რომლებსაც ბოლო საერთო არჩევნების შემდეგ წარმოეშვათ დაფინანსების უფლება.
მიუხედავად იმისა, რომ, ამ პირობას აკმაყოფილებს 7 კვალიფიციური და 4 არაკვალიფიციური სუბიექტი, რომლებსაც უკანასკნელი არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით გამოეყოთ საბაზო დაფინანსების ნახევარი (ერთჯერადი დაფინანსების სახით), კანონის ამ ნორმის საფუძველზე ფინანსდება მხოლოდ “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” თითოეული – 600 000 ლარის ოდენობით. საარჩევნო სუბიექტებს შორის მედიათანაბრობის საკითხში დისკრიმინაციულ მიდგომებზეა საუბარი 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ეუთოს დასკვნაში.
ეუთოს რეკომენდაციით, არსებული საკანონმდებლო სტრუქტურა, “კვალიფიციური” კანდიდატებისთვის უფასო საეთერო დროის გადანაწილებაზე უნდა გადაიხედოს. დამატებით, იმისათვის რომ ყველა კანდიდატს თავიანთი მესიჯების თავისუფლად გადაცემის შესაძლებლობა ჰქონდეს და შეიქმნას თანასწორუფლებიანი გარემო, უზრუნველყოფილი უნდა იყოს “არაკვალიფიციური” კანდიდატებისთვის მინიმალური საეთერო დროის დაწესება. უფასო რეკლამის გამოყოფის წესთან დაკავშირებით, საკონსტიტუციო სასამართლოში შესულია “არასაპარლამენტო ოპოზიციის” საჩივარი, მაგრამ სასამართლო ხელოვნურად აჭიანურებს საჩივრის განხილვას. სამწუხაროა, რომ ახალ ხელისუფლებას აქვს მცდელობა, გააგრძელოს მისი წინამორბედის ტრადიცია, როცა არჩევნების შედეგები წინასწარ იწერებოდა.
ამჟამადაც, ხელისუფლების სურვილია “კოაბიტირებულ” ძალებთან ერთად განახორციელოს წინასწარ დაწერილი სცენარი, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ხმების უმრავლესობა უნდა მიიღოს “ქართულმა ოცნებამ”, ხოლო დანარჩენი პროცენტები გადაინაწილონ “ნაციონალურმა მოძრაობამ” და “ქრისიტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ”.
ამის შემდეგ “გამარჯვებულები” და “დამარცხებულები” ერთმანეთს მიულოცავენ მორიგი “დემოკრატიული” არჩევნების ჩატარებას. მივიჩნევთ, რომ სატელევიზიო რეკლამების განაწილების არსებული წესი წარმოადგენს პოლიტიკურ დისკრიმინაციას. შედეგად იქმნება არათანაბარი საარჩევნო გარემო, სადაც მთავარ როლს თამაშობს ფინანსები, რაც ეჭვქვეშ აყენებს არჩევნების ლეგიტიმურობას და ქმნის ოლიგარქიული წყობის მკაფიო კონტურებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მივიჩნევთ, რომ სამართლიანი იქნება, თუ უფასო პოლიტიკური რეკლამისთვის დრო პარიტეტულად განაწილდება ყველა რეგისტირებულ საარჩევნო სუბიექტს შორის; საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის საფუძველზე, უკანასკნელი კვლევების მიხედვით გამოვლენილ რეიტინგულ კანდიდატებს უნდა მიენიჭოთ უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის უფლება; “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სარეკლამო ხარჯებისთვის დაფინანსება გამოეყოს ყველა კვალიფიციურ და არაკვალიფიციურ პარტიას, რომლებმაც უკანასკნელი არჩევნების შედეგების გათვალისწინებით მიიღეს (მ.შ. ერთჯერადი) დაფინანსება”, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: “არასაპარლამენტო ოპოზიცია”, ერთიანობის დარბაზი, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, “თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა”, “ლეიბორისტული პარტია”, “პატრიოტთა ალიანსი”, “რეფორმატორები”, “სახალხო პარტია”, “ქართული პარტია”, “ქრისტიან-დემოკრატიული პარტია”, “ჩვენი საქართველო” და “ძალოვან ვეტერანთა და პატრიოტთა პოლიტიკური მოძრაობა”.