პრემიერ–მინისტრის ვიზიტი ბელგიის სამეფოში დაიწყო
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით ბელგიის სამეფოს ეწვია. ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში იგი შეხვედრას გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტთან.
ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ხოზე მანუელ ბაროზო მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის კოლეგიასთან. საქართველოს დელეგაციის წევრები ევროკომისიის წარმომადგენლებს ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისთვს თითოეული უწყების მიერ შესრულებულ სამუშაოებს გააცნობენ. იგეგმება ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ევროკავშირის ინიციატივის – “აღმოსავლეთის პარტნიორობის” (EaP) პრიორიტეტების მხარდაჭერის მიზნით ევროკომისიის მიერ შემოთავაზებული იყო დახმარების ინსტრუმენტი – ყოვლისმომცველი ინსტიტუციონალური განვითარების პროგრამა (CIB), რომელიც მიზნად ისახავს პარტნიორი ქვეყნების ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაძლიერებას და ასოცირების შესახებ შეთანხმებასთან (მათ შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭოს სივრცის შექმნის შესახებ ხელშეკრულებასთან” – DCFTA) დაკავშირებული ღონისძიებების მხარდაჭერას. ინსტრუმენტი ასევე ითვალისწინებს იმ ინსტიტუტების საქმიანობათა გაუმჯობესებას, რომლებიც დაკავშირებული არიან გამარტივებული სავიზო რეჟიმის და რეადმისიის შეთანხმებასთან და მიგრაციის საკითხებთან. CIB-ს ფარგლებში 2011-2013 წლებისთვის საქართველოსთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი 30.86 მილიონ ევროს შეადგენდა.
დახმარების შემდეგი ეტაპი (2014-2020წწ), კონკრეტულად DCFTA (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე) განხორციელებასთან არის დაკავშირებული. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვედრას გამართავს ჰარვარდის კლუბის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასასრულს ბელგიის სამეფოს ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლა.
საქართველოს დელეგაციაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო ალექსი პეტრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი.