რა თანხით განისაზღვრება პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისთვის?
საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი მომავალი წლისათვის 54 მილიონ 695 ათასი ლარი იქნება, ეს თანხა წლევანდელთან შედარებით, 2 მილიონ 604 ათასი ლარით მეტია. გაზრდილი თანხა შრომითი ანაზღაურების ზრდას და ავტოპარკის განახლებას მოხმარდება.
“საქართველოს პარლამენტის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ” დადგენილება კანონმდებლებმა უკვე მიიღეს და ამ დოკუმენტით მთავრობას მიმართეს, თუ რა ოდენობით უნდა განსაზღვროს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის თანხა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. მთავრობას უფლება არ აქვს, აღნიშნული პარამეტრი შეამციროს, მას შეუძლია ეს პარამეტრები მხოლოდ გაზარდოს. როგორც პარლამენტში განმარტავენ, დადგენილებით დამტკიცებული პარამეტრები სრულად შეესაბამება 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების დროს მიღებულ საპროგნოზო პარამეტრებს.