ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა
საქართველოს პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში გაემგზავრა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროკომისიის პრეზიდენტს შეხვდება. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი და ჟოზე მანუელ ბაროზო მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ და მათ შეკითხვებს უპასუხებენ. საქართველოს დელეგაციაში შედიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შალვა ფიფია, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი. დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისართა კოლეგიასა და საქართველოს მთავრობის წევრებს შორის. ასევე, ჩატარდება პლენარული სესია ევროკომისრებისა და საქართველოს მინისტრებისა და მინისტრის მოადგილეების მონაწილეობით.
იგეგმება ევროკავშირის ყოვლისმომცველი ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დახმარების თაობაზე შეთანხმების ხელმოწერა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ–მინისტრი შეხვედრას გამართავს ჰარვარდის კლუბის წარმომადგენლებთან. ვიზიტის დასასრულს ბელგიის ხელოვნებისა და ისტორიის სამეფო მუზეუმში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მიღება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ–მინისტრის სიტყვით გამოსვლა.